თუმცა ამას დაემატა ისიც, რომ ქართველი ლეგიონერებისთვის ეს სეზონი ძალიან წარმატებული გამოდგა. თავიანთ გუნდებში თითქმის ყველა ფეხბურთელი ძირითადში თამაშობს, გუნდის ლიდერია და ტიტულებს იგებს.
უფრო კონკრეტულად, წელს ჩემპიონი 8 ქართველი ფეხბურთელი სხვადასხვა ქვეყანაში გახდა, ამას გარდა, ვინც ჩემპიონი ვერ გახდა, საოცარი შედეგები დააფიქსირა.
ჯაბა კანკავა და გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონები სლოვან ბრატისლავასთან ერთად გახდნენ. ორივე მათგანს კარგი სეზონი ჰქონდა, განსაკუთრებით გურამ კაშიას, რომელიც ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
ჩემპიონი გახდა კიდევ 2 ქართული დუეტი - აზაროვი და გოჩოლეიშვილი დონეცკის შახტარში უკრაინის ჩემპიონები, ხოლო ქვილითაია და დვალი კვიპროსის ჩემპიონები აპოელთან ერთად.

ამ უკანასკნელმა ჩემპიონობა დრამატულად, ბოლო ტურში მოიპოვა და ქალაქში ზეიმი იყო, რადგან მათ ჩემპიონის ტიტული 6 წელი არ ჰქონდათ მოგებული. სეზონის სიმბოლურ გუნდში ქვილითაიაც მოხვდა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ოთარ კიტეიშვილს შტურმში განუმეორებელი სეზონი ჰქონდა. მან ჯერ ავსტრიის თასი მოიგო, შემდეგ ავსტრიის ჩემპიონი გახდა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. კიტეიშვილის ანგარიშზე 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

უკვე დიდი ხანია, ყარაბახმა აზერბაიჯანის ჩემპიონობა კიდევ ერთხელ გაინაღდა, სადაც ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი თამაშობს. გუგეშაშვილმა ამ სეზონში 9 შეხვედრა ჩაატარა.
როგორც გითხარით, ტიტულების გარდა, ქართველმა ლეგიონერებმა პირადი სტატისტიკითაც საოცარი შედეგები დააფიქსირეს, თან ტოპ ლიგებში.
გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ ლა ლიგაში მე-9 ადგილი დაიკავა, მამარდაშვილმა კარი მშრალად 13-ჯერ შეინახა და ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთვის სეზონი წარუმატებელი იყო, მაგრამ თავად ხვიჩამ გუნდს მაინც ულიდერა და 11 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სეზონის არც თუ ისე წარმატებული სტარტის შემდეგ, ბოლო პერიოდში ზურიკო დავითაშვილი ბრწყინვალე ფორმაში შევიდა. ბორდოს მაისურით ამ სეზონში მის ანგარიშზე 8 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.
რაც ყველაზე მთავარია, საოცარ ფორმაში არიან ჩვენი ფორვარდები - ჟორჟ მიქაუტაძემ მეცს ლიგა 1-ში დარჩენის შანსი დაუტოვა, გუნდის მთავარ ლიდერად იქცა და 13 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასთან ერთად.

ბუდუ ზივზივაძის კარლსრუე ბუნდესლიგაში ვერ გადავიდა, მაგრამ ბუდუსთვის წელი წარმატებული გამოდგა. მან 11 გოლი გაიტანა.
რამდენიმე კვირის წინ, თავად ზივზივაძემ გვითხრა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ფეხბურთელებისთვის ორმაგი მოტივაცია იქნებოდა, რომ ამ ტურნირისთვის მომზადებულიყვნენ და ფაქტი სახეზეა - ევრო 2024-ის მატჩამდე 1 თვით ადრე, ყველა ფეხბურთელი მზადა დიდ ფორუმზე სათამაშოდ.










