დღეს გაიმართება კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი იბერიასა და ლევადიას შორის. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ესტონეთში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
თუმცა აშკარად გამოჩნდა, რომ იბერია ლევადიაზე უკეთესი გუნდია, უამრავი მომენტი ჰქონდათ, რისი რეალიზებაც ვერ მოხერხდა და ლევადიამ აქეთ გაიტანა.
შესაბამისად, ქართული ფეხბურთისთვის და თვითონ იბერიასთვის აუცილებელია, რომ დღეს თბილისურმა კლუბმა მოიგოს და ეს ბარიერი დაძლიოს.
სამწუხაროდ, დისკვალიფიკაციის გამო იბერიას გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიზი მამაგეიშვილი დააკლდება.
ლევან კორღალიძე (იბერიას მწვრთნელი):"ამდენ გოლს რომ ვერ გაიტან, საშიშროებაა, აქეთ გაუშვა და ასეც მოხდა. რეალიზაციის დიდი პრობლემა გვქონდა. არადა, ხარისხი არ გვაკლია და ასეთ ბურთებს სულ ვიტანთ ხოლმე. ის, რომ ლევადიამ გვაჯობა და მოგებას იმსახურებდა, მათი გუნდის მწვრთნელს ვერ დავეთანხმებოდი. ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და მინიმუმ არ უნდა წაგვეგო. არაუშავს, იქ არ გავიდა, აქ გავა. ვფიქრობ, ჩემს გუნდს შეუძლია, რომ შინ მოიგოს და შემდეგ ეტაპზე გავიდეს",
გიორგი მაკარიძე (იბერიას ფეხბურთელი):"ჩემი აზრით, უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე ლევადია, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველ შედეეგს მივაღწიოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ერთობა თუ იქნება, შედეგი აუცილებლად მოვა. გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ სტადიონზე მოვიდნენ და მათ იმედებს არ გავუცრუებთ. შეიძლება ბევრი ირონიულად უყურებს და ამბობს, რომ რამდენჯერ უნდა მივიდეო, მაგრამ მათ ვპირდებით, მაქსიმუმს გავაკეთებთ"
იბერია - ლევადია
კონფერენს ლიგა, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
29 ივლისი, 20:00
მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი
მთავარი მსაჯი: კამალ უმუდლუ (აზერბაიჯანი)
იბერიას სავარაუდო შემადგენლობა: მაკარიძე, ზოჰური, ჯგერენაია, აგიაკვა, გ.ტაბატაძე, დადიანი, ქარდავა, კლასი, ი.ტაბატაძე, ახვლედიანი, სიხარულიძე









