მილანისა და ინტერის სტადიონის, სან სიროს მომავალი გაურკვეველია. როსონერი ახალი სტადიონის აშენებას იწყებს, რომელიც, დაახლოებით, 5 წელში მზად იქნება, "ნერაძურის" კი ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი არსებულ სტადიონს განაახლებს თუ მილანის მსგავსად, ახალს ააშენებს.
"10 წლის წინ, როდესაც მილანის დირექტორი ვიყავი, წამყვან კომპანიებთან აქტიურად განვიხილე სან სიროს რეაბილიტაციის პროექტი. დეტალური შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ განახლება უფრო დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ვიდრე ახალი სტადიონის აშენება. აღნიშნულ საკითხს კარგად ვიცნობ, რადგან 3 წელი აქტიურად ვიმუშავეთ. უფრო მეტიც, 2016 წელს ინტერთან ერთად სან სიროს ბოლო მნიშვნელოვანი განახლება ჩავუტარეთ" - აღნიშნა ბარბარა ბერლუსკონიმ.
ბარბარა ბერლუსკონის განცხადებას ქალაქის მერი გამოეხმაურა: "ბარბარა ბერლუსკონიმ რა იცის სტადიონების მშენებლობის? ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს, რაც კარგად გამოსდის."
სან სირო 1926 წელს აშენდა, ამ სტადიონზე ინტერი და მილანი თამაშობენ. დღევანდელი მდგომარეობით, სტადიონი 80,018 მაყურებელზეა გათვლილი, თუმცა, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მატჩებზე დასწრება მაქსიმუმ 75,817 გულშემატკივარს შეუძლია.









