მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ თავის კოლეგას, ბარსელონას თავკაცს, ჩავი ერნანდესს მხარდაჭერა გამოუცხადა. "ქალაქელების" სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ესპანეთში უფრო მაღალია მწვრთნელებზე ზეწოლა ვიდრე ინგლისში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე კატალონიურ კლუბს ეხება.
"ჩავის გაგება შემიძლია და მას მხარს ვუჭერ. ესპანეთში მწვრთნელებზე ზეწოლა ათასჯერ უფრო დიდია, ვიდრე ინგლისში. შედარებაც კი არ ღირს. ესპანეთში თქვენ კვირაში 6 დღე გიწევთ პრეს-კონფერენციებზე სიარული და კრიტიკის მოსმენა. არავინ დაგინდობთ, ერთ შეცდომასაც კი არ გაპატიებენ, ასეთია რეალობა.
როდესაც ხარ ბარსელონას მწვრთნელი, უდიდესი წნეხის ქვეშ ყოფნა გიწევს", - განაცხადა 53-წლის მწვრთნელმა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ჩავი კატალონიურ კლუბს დატოვებს. ესპანელმა ეს გადაწყვეტილება კოპა დელ რეიზე ბილბაოს ატლეტიკთან (2:4) წაგების შემდეგ მიიღო.









