ჯენოასთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, მარიო ბალოტელი გუნდის გარეშე არის. შეგახსენებთ, რომ სკანდალური თავდამსხმელი სხვადასხვა დროს თამაშობდა ინტერში, მანჩესტერ სიტიში, მილანსა და ლივერპულში. ამის გარდა, იტალიელი ფორვარდი თინეიჯერობაში ხანმოკლე პერიოდით ბარსელონას აკადემიაშიც იყო.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას მილანური გუნდების ყოფილი თავდამსხმელი. თავად ვეტერანი შემტევის თქმით, მისი ოცნება მადრიდის რეალში თამაში არის. თავის ბოლო ინტერვიუში 34 წლის ფორვარდმა გაიხსენა განვლილი გზა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
"მაქვს რამდენიმე ვარიანტი, სადაც მინდა კიდევ ორი ან სამი სეზონით გაჩერება. ოცნების გუნდი? რეალი. კარიერაში ბევრი რამ მოვასწარი - ბარსას აკადემიაში ვითამაშე ტიაგოსთან, ბოიანთან და ძმებ დოს სანტოსებთან ერთად. შემდეგ ინტერსა და მილანში აღმოვჩნდი. რომელს ვქომაგობ მათ შორის? ჩემი კერპი იყო რონალდო და "ნერაძური" მიყვარდა.
ამის მიუხედავად, არასდროს დამიმალავს სიმპატიები "როსონერის" მიმართაც. ჩემი უკანასკნელი გაჩერება იქნება სამოყვარულო გუნდი ვადო, სადაც თამაშობს ჩემი ძმა, ენოკი. შევპირდი, კარიერის დასრულების მომენტისთვის სწორედ მის გვერდით ვიქნები."









