ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს მილანის ინტერი და პარის სენ-ჟერმენი დაუპირისპირდებიან. ეს იქნება რიგით მეორე იტალიურ-ფრანგული ფინალი ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ისტორიაში. პირველი შედგა 1993 წელს, რომელშიც მარსელის ოლიმპიკმა ბაზილ ბოლის ერთადერთი ბურთით მილანს მოუგო.
"თეთრ-ლურჯები" გახდნენ პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი წარმომადგენლები საფრანგეთიდან, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლეს. ყველაფერი ჰგავდა ზღაპარს, მაგრამ მოგვიანებით, ველოდრომის ბინადრები გაეხვნენ ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებულ სკანდალში და დიდ ფეხბურთს დაემშვიდობნენ.
ლიგა 1-ში ვალანსიენთან მატჩის ჩაწყობის მცდელობის გამო, რაიმონ გუტალსის გუნდს ჩამოართვეს ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, რის შემდეგაც სამხრეთელები ქვედა დივიზიონში დააქვეითეს. სასჯელი მოქმედებდა მხოლოდ საფრანგეთში, რაც ნიშნავდა, მარსელი მთავარი საკლუბო ტურნირის ტრიუმფატორად მაინც რჩებოდა.
დიახ, თასი დარჩა ოლიმპიკს, თუმცა აღნიშნული სკანდალის გამო, ჩემპიონი ევროსარბიელს მოკვეთეს ერთი წლით და მას სატრანსფერო ბანიც დაადეს. ჩაწყობილი თამაშების გარდა, "თეთრ-ლურჯების" გარშემო ტრიალებდა კიდევ ერთი სკანდალი, რაც დოპინგის მოხმარებას გულისხმობდა.
არსებობდა ვერსია, რომ "როსონერისთან" მატჩის წინ, ველოდრომის ბინადრების პრეზიდენტი, ბერნარ ტაპი თავისი გუნდის ფეხბურთელებს აკრძალული ნივთიერების, კაპტაგონის მიღებას აიძულებდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით წლების შემდეგ ისაუბრა გუტალსის გუნდის რამდენიმე მოთამაშემ, მათ შორის ლეგენდარულმა მარსელ დესაიმაც.
მარსელის ფეხბურთელების მტკიცებით, ფრანგმა პრეზიდენტმა დოპინგის მიღება აიძულა ყველას, რუდი ფიოლერის გარდა. კაპტაგონის საქმე დღემდე ბურუსით არის მოცული, მაგრამ არა თამაშის ჩაწყობის მცდელობის ინციდენტი, რომლის გამოც ოლიმპიკის პრეზიდენტი 8-თვიანი პატიმრობით დაისაჯა.
ბოლოს კი კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი პირველი იტალიურ - ფრანგული ფინალის შესახებ. "შავ-წითლებისა" და ველოდრომის ბინადრების დაპირისპირება იყო ბოლო თამაში ლეგენდარული მარკო ვან ბასტენის კარიერაში. ტრავმებით გატანჯულმა ფორვარდმა შემდეგი ორი წელი დახარჯა მკურნალობაში, 1995 წელს კი კარიერაც დაასრულა.









