ჩაბი ალონსოს გუნდმა ფეინოორდს ყველა კომპონენტში აჯობა. გერმანელებმა ანგარიში საკმაოდ მალე, მე-5 წუთზე, გახსნეს. თავი ფლორიან ვირცმა გამოიჩინა, რომელმაც რობერტ ანდრიხის გადაცემით ისარგებლა. აქედან ზუსტად 25 წუთში, ლევერკუზენმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა, თავი ამჯერად ალეხანდრო გრიმალდომ გამოიჩინა, რომელსაც ჟერემი ფრიმპონგმა მისცა პასი. ძალიან მალე კი მაყურებელმა მესამე გატანილი გოლიც იხილა — ფლორიან ვირცმა დუბლის შესრულება მოახერხა. ტაიმის ბოლოს ტიმონ ველენტროიტერმა საკუთარ კარში გაიტანა და ტაბლოზე 0:4 დაფიქსირდა.
მეორე ტაიმში ფეინოორდი ანგარიშის შემცირებას ცდილობდა, თუმცა ბრაიან პრისკეს გუნდს ეს არ გამოუვიდა. ალონსოს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი ძალიან კარგად დაიწყო.
რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ბენფიკამ ფავორიტის სტატუსი გაამართლა — ბრუნო ლაჟეს გუნდმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრაში ანგარიში ქერემ აქტურქოღლუმ გახსნა, რომელიც, უნდა აღინიშნოს რომ საოცარ ფორმაშია. თურქმა ფეხბურთელმა ცრვენა ზვეზდას საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და საკუთარი გუნდის წინ გაყვანა მოახერხა. 29-ე წუთზე კი კიდევ ერთმა თურქმა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი, კერძოდ ორქუნ ქოქჩუმ, რომელმაც ულამაზესი ჯარიმა გაიტანა.
მატჩის დასრულებამდე მასპინძლებმა რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა მოახერხეს, რასაც 86-ე წუთზე მილსონის გატანილი გოლი მოჰყვა. შეხვედრის ბოლო წუთებში ცრვენა ზვეზდამ შეტევები გააძლიერა, თუმცა მილოიევიჩის გუნდმა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო. პორტუგალიელები სახლში 3 ქულით ბრუნდებიან.









