ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ფარგლებში მადრიდის ატლეტიკო საკუთარ კედლებში ლონდონის არსენალს მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
ატლეტიკო V არსენალი | 23:00
არსენალს ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში ატლეტიკოს დამარცხების გამოცდილება უკვე აქვს. ფაზის მესამე ტურში პრემიერ ლიგის ჩემპიონობისთვის მებრძოლმა ლონდონელებმა მადრიდელები 4:0 გაანადგურეს. ეს იყო ერთგვარი რევანში მას შემდეგ, რაც ევროპის რანგით მე-2 საკლუბო ტურნირის 2017/18-ის 1/2 ფინალში "როხიბლანკოსმა" "მეთოფეებს" მოუგო.
რაც შეეხება გუნდების ამჟამინდელ მდგომარეობას, ემირეიტსის ბინადრები არიან ორმაგი ზეწოლის ქვეშ, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის პარალელურად, ისინი ტიტულისთვის ინგლისის ჩემპიონატშიც იბრძვიან. დიეგო სიმეონეს შეგირდები ამ მხრივ უფრო მშვიდად არიან.
ლა ლიგის ჩემპიონობა მეტროპოლიტანოს ბინადრებს არ გამოუვათ, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ზონიდან ამოვარდნაც ნაკლებად სავარაუდოა. პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე დარჩენილია 5 ტური, ატლეტიკო კი უახლოეს მდევარს, მე-5 პოზიციაზე მყოფ სევილიის ბეტისს 10 ქულით უსწრებს.
ერთი სიტყვით, მადრიდულ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში თამაში პრაქტიკულად გარანტირებული აქვს. დავუბრუნდეთ მიკელ არტერას შეგირდებს, რომლებსაც ინგლისის ჩემპიონატში მანჩესტერ სიტი დაეწია. იმ შემთხვევაში, თუ დარჩენილ 4 ტურში ლიდერები არ დაკარგავენ ქულებს, ტიტულის ბედს ბურთების ბალანსი გადაწყვეტს.
რაც შეეხება დანაკლისს დღევანდელ ნახევარფინალურ მატჩში, "როხიბლანკოსს" არ ეყოლება ხოსე მარია ხიმენესი, ადემოლა ლუკმენი და პაბლო ბარიოსი. არსენალის განკარგულებაში კი არ იქნებიან მიკელ მერინო და იურიენ ტიმბერი, ასევე საეჭვოა კაი ჰავერცისა და ებერეჩი ეზეს გამოჩენაც.
შეგახსენებთ, რომ სიმეონეს გუნდსა და ლონდონელებს შორის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბაიერნ მიუნხენსა და პარის სენ-ჟერმენს შორის ერთ-ერთს შეხვდება. მეტროპოლიტანოს მკვიდრებსა და "მეთოფეებს" შორის საპასუხო დუელი 5 მაისს შედგება.









