რამდენიმე დღის წინ, ჯენარო გატუზომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი გააკრიტიკა. ის არის უკმაყოფილო იმ ფაქტით, რომ ევროპიდან შესარჩევის ჯგუფურ ეტაპზე მე-2 პოზიციაზე გასული ეროვნული გუნდი მუნდიალზე ვერ ხვდება პირდაპირ და მას პლეიოფის თამაში უწევს.
იტალიელმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მისი საფეხბურთო კარიერის დროს მეორე ადგილზე გასული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ხვდებოდა პირდაპირ, მაგრამ ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, 1994 წლის მუნდიალის შესარჩევი იყო ბოლო შემთხვევა, როცა ევროპიდან ჯგუფური ეტაპის ორი საუკეთესო ეროვნული გუნდი ფინალურ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა.
იმის შემდეგ, ანუ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოყოლებული, მეორე ადგილზე გასულ ნაკრებს პლეიოფის თამაში უწევს. ცნობისთვის, საფრანგეთის მუნდიალზე მოსახვედრად გადათამაშება მოუწია იტალიის ეროვნულ გუნდსაც, მეტოქე იყო რუსეთი და წყვილის ფავორიტმა ორი შეხვედრის ჯამში 2:1 მოიგო.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც "სკუადრა აძურას" მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეიოფის თამაში მოუწია. იმის შემდეგ, "ლურჯები" მუნდიალზე გადიოდნენ ჯგუფში დაკავებული პირველი პოზიციით და ასე იყო 2018 წლამდე: 4-გზის მუნდიალის ტრიუმფატორების ნავსი ჯგუფში გატეხა ესპანეთმა, პლეიოფში კი მათ შვედეთმა მოუგო.
ოთხი წლის შემდეგ, რობერტო მანჩინის გუნდს ჯგუფში აჯობა შვეიცარიამ, პლეიოფში კი ჩრდილოეთ მაკედონიამ. დასკვნა - მილანის ყოფილი შუახაზელის ფეხბურთელობის პერიოდში ყველაფერი იყო იგივენაირად, უბრალოდ თავად იტალია გადიოდა ხოლმე პირველი პოზიციით მუნდიალზე.
რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, "სკუადრა აძურას" ჯგუფში პირველ ადგილზე გადასასვლელად სჭირდება ნორვეგიის ნაკრებთან ანგარიშით 9:0-ის მოგება, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ პლეიოფი. თავად "რინოს" განცხადებით, ამ შედეგის დაფიქსირება არარეალური სულაც არ არის.









