ყოველი თვის ბოლოს, LaGazzetta.ge X Goal.ge ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელს და გოლს გამოავლენს. ტოპ 5 გოლიდან გულშემატკივარს საშუალება ექნება საუკეთესო აარჩიოს.
აპრილის თვის საუკეთესო გოლად გულშემატკივარმა თემურ ოდიკაძის მიერ გაგრას კარში გატანილი ბურთი დაასახელა. გამოკითხვაში მონაწილეობა 189 ადამიანმა მიიღო. გამარჯვებულმა ოდიკაძემ 122 ხმა მიიღო.
თემურ ოდიკაძე: "ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ცხრილში წინ წავიწიოთ. ჩემი გოლი საუკეთესოდ დასახელდა და მადლობა ამისთვის. ყველა გოლი დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ როცა ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლს იტან, ორმაგი ემოციაა. ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ და ვცდილობთ, დადებითი შედეგები დავაფიქსიროთ. ჩემი ოცნება იყო,. რომ დინამოში მეთამაშა. წელს ამის საშუალება მომეცა და ყველაფერს ვაკეთებ, რომ გუნდს წარმატებაში დავეხმარო".
რაც შეეხება აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელს, ეს ჯილდო იბერიას ერთ-ერთ ლიდერს იური ტაბატაძეს ერგო. იბერია მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია, ამაში კი წვლილი ტაბატაძეს მიუძღვის, რომელმაც გასულ თვეში 4 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
იური ტაბატაძე: "მადლობა ამ ჯილდოსთვის. ჩემთვის და გუნდისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აპრილის თვე წარმატებული გამოდგა, თამაშები მოვიგეთ და პირველ ადგილზე ვართ. ჩემი აზრით, გუნდის წარმატება კონცენტრაციის და მომზადების ხარჯზე ხდება. მწვრთნელი მოდუნების საშუალებას არ გვაძლებს და ეს ყველაფერი შედეგზე აისახება. ვეცდებით, თავი ევროტურნირებზეც გამოივიჩინოთ. ამისთვის აქტიურად ვემზადებით"









