გუშინ, ჩანიშნული იყო ამხანაგური მატჩი დილასა და უკრაინულ ჩერნომორეცს შორის, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ ჩაიშალა და შეწყდა.
შეწყვეტილი თამაში იმით აანაზღაურეს, რომ ჩერნომორეცის ფეხბურთელები მეორე მოედანზე გადავიდნენ და თამაში ერთმანეთში განაგრძეს.
"გადაწყდა, რომ მატჩი პირველი ტაიმის შემდეგ აღარ გაგრძელებულიყო. მიზეზი მატჩის პირველ ნახევარში მოთამაშეებს შორის საკმაოდ დიდი კონფლიქტია. ფეხბურთელების დასაცავად გუნდებმა სპარინგის შეწყვეტა გადაწყვიტეს.
მეორე ტაიმის ნაცვლად მეზობელ მოედანზე ერთმანეთში ვითამაშეთ", - წერია ჩერნომორეცის ოფიციალურ გვერდზე.
ამ საკითხთან დაკავშირებით LaGazzetta.ge დილას დირექტორს, გიორგი ჯოხაძეს დაუკავშირდა.
"უხეშობა ორივე გუნდის მხრიდან იყო და ტრავმების თავიდან ასაცილებლად, გადავყწვიტეთ, რომ პირველი ტაიმის შემდეგ თამაში შეგვეწყვიტა. გამოსავალი ეს იყო. დანარჩენი დრო გუნდმა სავარჯიშოდ გამოიყენა", - განაცხადა ჯოხაძემ.
დილასა და ჩერნომორეცის მატჩის პირველი ნახევარი 1:1 დასრულდა. ეროვნული ლიგის პირველი ტურის შეხვედრას დილა 2 მარტს, საკუთარ მოედანზე გარეჯის წინააღმდეგ გამართავს.









