მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. მაყურებელს წინ ნახევარფინალური დაპირისპირებები ელოდება. დღეს პირველი ფინალისტის ვინაობა ფლუმინენსე-ჩელსის შეხვედრაში გამოვლინდება, ხოლო ხვალ საოცარი მატჩის მოლოდინში ვართ — პსჟ vs. რეალ მადრიდი!
მატჩის წინ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა:
"დარწმუნებული ვარ, რომ კარგი მატჩი გამოვა. თავს კარგად ვგრძნობთ, მზად ვართ ამ მატჩისთვის. ვფიქრობ, კარგად მოვემზადეთ რეალ მადრიდთან სათამაშოდ.
შეიძლება ცოტა დაღლილები ვართ, მაგრამ ჩვენი მიზანი ამ ტურნირის მოგებაა, აქ ზუსტად ამისთვის ვართ. ენერგია ჯერ კიდევ შემოგვრჩა, ზუსტად ამიტომ დარჩენილი მატჩების მოგებას შევეცდებით.
ჩვენი წარმატების გასაღები? ერთად ყოფნით ბედნიერები ვართ, ეს იქნება მოედანზე თუ მოედანს მიღმა, თითოუელი მომენტით სიამოვნებას ვიღებთ. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ.
კილიან მბაპე? ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ჩვენ მას პატივს ვცემთ, რადგან კარგი პიროვნებაა, მაგრამ ხვალ ის ჩვენ წინააღმდეგ ითამაშებს, სწორედ ამიტომ მხოლოდ მოსაგებად გავალთ მოედანზე. მზად ვართ ნებისმიერ მეტოქესთან სათამაშოდ, მოწინააღმდეგეს მნიშვნელობა არ აქვს. რეალი ძალიან კარგი გუნდია, მათი ყველა მოთამაშის პატივისცემა გვმართებს, მაგრამ ჩვენ ჩვენს თამაშზე ვკონცენტრირდებით."
შეგახსენებთ, პსჟ-რეალ მადრიდის მატჩი 9 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.









