მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, სტუმრად ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.
ჩვენი ნაკრები ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში სრული შემადგენლობის შეიკრიბა და ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.
გიორგი მამარდაშვილი: "ესპანეთის ნაკრები ჩვენი ჯგუფის მთავარი ფავორიტი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ასე რომ, რთულ თამაშს ველოდებით. გვაქვს ესპანეთთან თამაშის გამოცდილება და ვიცით, რომ იოლი არ იქნება. ბევრი შრომა მოუწევს თითოეულ ფეხბურთელს. ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ.
სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ რთული თამაშები ჩავატარე. პრემიერლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩემი ოცნება იყო. მნიშვნელოვანი თვე იყო ჩემთვის, თუმცა წინ კიდევ უფრო რთული მატჩები მელის როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე და ამისთვის მზად ვარ".
ბუდუ ზივზივაძე:"ორი რთული გასვლითი შეხვედრა გველის. სამწუხაროდ, წითელი ბარათის გამო ბოლო პერიოდში სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, თუმცა ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდები ვარჯიშებს, განსაკუთრებით, როდესაც ვიცი, რომ ახლო მომავალში სანაკრებო პაუზაა.
დიდი ხანია ასეთი ხანგრძლივი შეკრება არ გვქონია. რამდენიმე დღე გვაქვს პირველ შეხვედრამდე, რაც თამაშის დასაგეგმად გამოგვადგება. შეკრება ნაყოფიერად მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ყველა ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რომ საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ".









