ბარსელონას ყოფილ მარჯვენა მცველს, დანი ალვეშს 4.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ღამის კლუბში გოგონას გაუპატიურება ედებოდა ბრალად. ის საპატიმროში იმყოფებოდა გასული წლის იანვრიდან, დღეს კი სასამართლომ მას განაჩენი გამოუტანა. ინციდენტი მოხდა 2022 წლის 30 დეკემბერს, ღამის კლუბ Sutton-ში.
გოგონას ვერსიის თანახმად, ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მასზე იძალადა, რის შემდეგაც დაზარელუბლმა ყველაფერი თავის მეგობრებსა და ღამის კლუბის დაცვას მოუყვა. დაიწყო გამოძიება და დადგინდა, რომ მსგავსი ფაქტი ნამდვილად მოხდა. აღსანიშნავია, რომ პროკურატურა 9-წლიან პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ შესაბამის სასჯელად 4.5 წელი მიიჩნია.
კატალონიური კლუბის ყოფილ მარჯვენა მცველს დაზარალებულისთვის ასევე მოუწევს 150 000 ევროს გადახდა კომპენსაციის სახით. ამის გარდა, მას გოგონასთან მიახლოება 9.5 წლის მანძილზე ეკრძალება. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით ერთ წელზე მეტხანს მიმდინარეობდა.









