შარლესთვის 6 თვეში ყველაფერი შეიცვალა, რის გამოც მილანის ტიფოზერია ორ ნაწილად გაიყო: ნაწილი ფიქრობს, რომ ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც სერია A-ში პატარა ჩემპიონატიდან მოვიდა, მას დრო სჭირდებოდა და გუნდს ასე მალე არ უნდა მოეშორებინა, მეორე ნაწილს კი სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს - მან ვერ გაუძლო მილანისა და სან სიროს წნეხს. მისთვის ძალიან მძიმე იყო შავ-წითელი მაისურის ტარება და დრო არაფერს შეცვლიდა. მისი გაშვება სწორი ნაბიჯი იყო.
სეზონის ბოლოს შარლე ისევ "ეშმაკის გზას" გადაკვეთს, თუმცა მისი ფიქრები თავიდან ბოლომდე ბერგამოში დარჩენას უკავშირდება. როგორც ატალანტას, ისე ფეხბურთელის გადაწყვეტილებაში ეჭვი არავის ეპარება, მათი ისტორია ზაფხულში გაგრძელდება. ცუდი სეზონი დავიწყებულია და მისთვის იტალიაში ახალი ისტორიის წერა დაიწყო.
დე კეტელარეს ამ სეზონზე 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. დეკემბრის დასაწყისიდან ბელგიელმა ოფიციალურ მატჩებში 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც ამ პერიოდის განმავლობაში სერია A-ს არცერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია. ის ამ შედეგით ყველას სჯობს.
მილანის გულშემატკივრების კიდევ ერთი თავის ტკივილი - ფეხბურთელის პოზიცია. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ პიოლიმ ფეხბურთელი არასწორ პოზიციაზე ათამაშა და ამას შესაბამისი შედეგებიც მოჰყვა. გასპერინიმ კი შარლეს სწორი პოზიცია აურჩია: 3-4-1-2 სქემაში ერთ-ერთი ფორვარდი. არა გამოკვეთილად საჯარიმოს ფორვარდი, არამედ ე.წ. ცრუ ცხრიანის პოზიცია.
რა მოხდება სეზონის ბოლოს? ყველაფერი გადაწყვეტილია, შარლე ატალანტაში რჩება.
ტრანსფერის დეტალები:
იჯარა: €3 მილიონი;
გამოსყიდვის უფლება: €22 მილიონი;
ბონუსები: €4 მილიონი
მომავალი ტრანსფერიდან პროცენტი;
იმის მიუხედავად, რომ ზაფხულში შარლეს მილანური ისტორია საბოლოოდ დასრულდება, ყველა ვთანხმდებით, რომ მასზე საუბარს როსონერის გულშემატკივრები მომავალშიც გააგრძელებენ.
Marco Pasotto © RCS MEDIAGROUP









