ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გაიხსენა, თუ როგორ გეგმავდა ერლინგ ჰოლანდის გაფორმებას, მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ რედ ბულ ზალცბურგში თამაშობდა. იტალიელი ბიზნესმენი მზად იყო, რომ ნორვეგიელი ფორვარდის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ მოგვიანებით საქმეში მინო რაიოლა ჩაერთო.
"მახსოვს დღე, როდესაც ჩემთვის ჰოლანდი აღმოვაჩინე. თავიდანვე მივხვდი, თუ როგორი დიდებული თავდამსხმელია. ახალგაზრდა ფორვარდი იმ დროს ზალცბურგში თამაშობდა და მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროსაც ვიხდიდი. მოგვიანებით, საქმეში რაიოლა ჩაერთო, რომელმაც მითხრა: "არ გააკეთო ეს, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. ჰოლანდისთვის უკვე შერჩეული მაქვს კლუბი და გზაზე ნუ გადაგვეღობები".
ამის შემდეგ, მოლაპარაკებები შეჩერდა. მინოს უკვე მოგვარებული ჰქონდა ყველაფერი და მან თავისი ბონუსიც მიიღო. პროფესიონალური თვალსაზრისით, იტალიელი აგენტი უნაკლოდ მუშაობდა, მაგრამ ის პირველ ადგილზე ყოველთვის საკუთარ ინტერესებს აყენებდა. კლუბების ბედი მას არ ადარდებდა", - განაცხადა "პარტენოპეის" პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ "რედ ბულსის" დატოვების შემდეგ, ნორვეგიელი თავდამსხმელი ჯერ დორტმუნდის ბორუსიაში, შემდეგ კი მანჩესტერ სიტიში გადავიდა. რაც შეეხება რაიოლას, ის 2022 წლის აპრილში გარდაიცვალა. იტალიელი აგენტი სხვადასხვა დროს მუშაობდა პაველ ნედვედთან, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან, რომელუ ლუკაკუსთან, პოლ პოგბასა და კიდევ არაერთ ვარსკვლავთან.











