ნორვეგიის ნაკრებთან კიდევ ერთხელ განადგურების შემდეგ, იტალიის ეროვნულმა გუნდმა უკვე ოფიციალურად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის პლეიოფში გადაინაცვლა. "აძური" თავის ისტორიაში ამ სტადიაზე ითამაშებს მეოთხედ და უნდა ითქვას, რომ სტატისტიკა არასახარბიელოა.
"ლურჯებმა" ერთხელ მოახერხეს პლეიოფის დაძლევა, ორჯერ კი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ. პირველად ეს მოხდა 1998 წლის მუნდიალის წინ, როცა ჩეზარე მალდინის გუნდს 1997 წლის შემოდგომაზე რუსეთის ბარიერის დაძლევა მოუწია. ფავორიტმა ორი შეხვედრის ჯამში 2:1 მოიგო.
ცნობისთვის, იმ დაპირისპირებაში შედგა ჯანლუიჯი ბუფონის დებიუტი საერთაშორისო არენაზე - ახალგაზრდა მეკარემ პირველი მატჩის 32-ე წუთზე ტრავმირებული ჯანლუკა პალიუკა შეცვალა. იტალიელმა გოლკიპერმა საიმედოდ დაიცვა თავისი ეროვნული გუნდის კარი და შემდეგ, თავის პირველ მუნდიალზე გაემგზავრა.
პარმას აღზრდილმა მეკარემ მოგვიანებით იგივე გააკეთა 2002, 2006, 2010 და 2014 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე. 2018 წლის ტურნირის წინ კი იტალიის ეროვნული გუნდის პირველმა ნომერმა განიცადა თავისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მომენტი: წაგება შვედეთთან პლეიოფში და მუნდიალის მიღმა დარჩენა.
სკანდინავიელებთან მარცხის შემდეგ, "სუპერმენმა" ჩაატარა ერთი მატჩი "სკუადრა აძურას" შემადგენლობაში (ამხანაგური თამაში არგენტინის ეროვნულ გუნდთან), რის შემდეგაც მან საერთაშორისო კარიერა დაასრულა. 47 წლის ექს-გოლკიპერი "ლურჯებიდან" წავიდა 176 ჩატარებული შეხვედრით, რაც რეკორდული მაჩვენელია.
როგორც ვიცით, იტალია ვერც შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდა, თუმცა ბუფონი იმ წარუმატებლობაში აღარ მონაწილეობდა. რა მოცემულობა გვაქვს დღეს? "აძურის" კვლავ უწევს პლეიოფში თამაში და მუნდიალის მიღმა დარჩენის საშიშროება ისევ არის.









