ჯანლუიჯი დონარუმა პარის სენ-ჟერმენის დატოვებასთან ახლოს არის. ლიგა 1-ის მთავარმა დომინანტმა უკვე გაიფორმა ლუკას შევალიე, რომელიც მომავალ სეზონში პსჟ-ს ძირითადი გოლკიპერი იქნება. რაც შეეხება იტალიელ კარის დარაჯს, მის სახელს მანჩესტერ იუნაიტედს უკავშირებენ.
როგორც ცნობილია, "ლურჯ-წითლებს" თავიანთი მეკარის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონი ევროს გამომუშავება სურთ. საინტერესოა ისიც, რომ ცოტა ხნის წინ, ლუის ენრიკეს გუნდის პირველმა ნომერმა სოციალურ ქსელში დაალაიქა "წითელი ეშმაკების" ერთ-ერთი პოსტი, რითაც თავის პოტენციურ ტრანსფერში დამატებითი ინტრიგა შემოიტანა.
გულშემატკივრებმა 26 წლის მეკარის შესახებ ჰკითხეს ოლდ ტრაფორდის ბინადრების მთავარ მწვრთნელსაც, რუბენ ამორიმს, თუმცა მან ეს კითხვა იუმორით მიიღო. აქვე დავამატებთ, მანჩესტერ იუნაიტედის გარდა, დონარუმას სახელს მანჩესტერ სიტისაც უკავშირებენ.









