დუდა სანაძე: "ვიცოდით, რომ ორივე თამაში ძალიან რთული იქნებოდა. როგორც ნახეთ, პერიმეტრზე აგებული გუნდია და თუ წაუვიდათ სროლები, ძალიან ძნელია მათი გაჩერება. სწორედ ეს მოხდა პირველ ნახევარში, დიდი პროცენტით ესროდნენ, მაგრამ ჩვენ მალევე გადავეწყვეთ, უფრო აგრესიულები გავხდით, რამაც მათი გეგმები შეცვალა.
მალევე მოწინააღმდეგე დაიღალა, რასაც ჩვენი უფრო მეტად გააქტიურება მოჰყვა და ბოლო მეოთხედში, დიდი უპირატესობაც მივიღეთ. ტაბლოზე იოლი გამარჯვება ჩანს, მაგრამ ასე ნამდვილად არ იყო. რთული მატჩი გამოვიდა, მაგრამ ჩვენ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. მადლობა ბიჭებს ასეთი კარგი თამაშისთვისა და თავდადებისთვის და ასევე, ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს. ისინი მე-6 მოთამაშის როლს ირგებენ, რაც ძალიან გვეხმარება.
თორნიკე შენგელია რასაც აკეთებს, გმირობის ტოლფასია. ძალიან ძნელია ევროლიგაზე ჩატარებული მატჩის შემდეგ, ორი ასეთი დონის შეხვედრა ჩაატარო და ასეთი პერფორმანსი შემოგვთავაზო. თოკოს, მთელი ნაკრების სახელით, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი.
კამარ ბოდლუინს რაც შეეხება, ძალიან ძნელია ორი დღის გაცნობილი ადამიანისთვის ადაპტაცია, თუმცა იმის თქმა ნამდვილად შეგვიძლია, რომ ძალიან კარგი სელექცია იყო და ის უკვე ჩვენი ოჯახის წევრია. დარწმუნებული ვარ, უფრო და უფრო მოუმატებს მომდევნო მატჩებში."
ბექა ბურჯანაძე: "ჩემი აზრით, თორნიკე ძალიან სამაგალითოდ იქცევა, ისე, როგორც უნდა მოიქცეს ნამდვილი კაპიტანი. ეროვნული გუნდის ბევრი კაპიტანი არ აკეთებს იმას, რასაც თოკო. ეს ყველაფერი ძალიან დასაფასებელია და თითოეული ჩვენგანისთვის დიდი მაგალითი უნდა იყოს.
რაც შეეხება ამ ორ თამაშს, ურთულესი თამაშები მოვიგეთ. ვიცოდით, რა დონის მეტოქე იყო ფინეთი. ძალიან დიდი მიზნები გვაქვს, ევრობასკეტ 2025-ზე აუცილებლად უნდა გავიდეთ, შესაბამისად, ორივე მატჩი მოსაგები იყო."
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას დანიასთან ჩაატარებს. მატჩი 2025 წლის 21 თებერვალს გაიმართება. შეხვედრას თბილისი არენა უმასპინძლებს.










