როგორ ფორმაში ხდებიან გუნდები ჩემპიონატს? - ბოლო კვირების განმავლობაში, LaGazzetta.ge ექსკლუზიურად გაწვდიდათ ყველა ინფორმაციას ქართული გუნდების ტრანსფერებისა და სიახლეების შესახებ, ახლა კი გადავხედოთ, როგორ დაკომპლექტდნენ გუნდები.
იბერია
გასული სეზონის გამორჩეული ფეხბურთელები - ოთარ მამაგეიშვილი, გიორგი კოხრეიძე, ცოტნე კაპანაძე, შეიკნე სილა გუნდიდან წავიდნენ. სამაგიეროდ, არიან ახალწვეულები. იბერია ამირან ძაგანიათი, ლუკა სილაგაძით, დავით სხირტლაძით, გიორგი ქობულაძით და ნიკა ხორხელით გაძლიერდა. ტრადიციულად გუნდმა თურქული შეკრება გაიარა, სადაც ამხანაგურ მატჩებში დადებითი შედეგები დააფიქსირა - 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა. იბერია წელსაც ზედა პოზიციებისთვის იბრძოლებს. მითუმეტეს, ზაფხულში გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს. გასული სეზონისგან განსხვავებით, წელს თბილისური კლუბი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს.
დინამო თბილისი
ახალგაზრდების და გამოცდილი ფეხბურთელების შერწყმა. ვაკო გვილიას ადა ჯაბა კანკავას ტრანსფერით დინამომ საყრდენი ზონა გააძლიერა, ასევე მათ წამყვანი ახალგაზრდა მოთამაშეები შეინარჩუნეს და შეიძლება ითქვას, წინა სეზონზე უკეთესი გუნდი იქნება. ამას ემატება სამი კარგი ლეგიონერის - სტეფან სიკაჩის, ლეონარდო ასუნპსაუს და დანიელ ოვუსუს ტრანსფერიც. პორტუგალიურ შეკრებაზე დინამომ 5 ამხანაგური მატჩი გამართა, საიდანაც 2 მოიგო, 3 წააგო. დიდი პლიუსია ის, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ კაკაშვილია. ის დინამოს ახალგაზრდებს ყველაზე კარგად იცნობს.

ტორპედო
შემადგენლობის მიხედვით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ეროვნული ლიგის მთავარი ფავორიტი ტორპედო იქნება, თუმცა გადამწყვეტი მხოლოდ სახელები რომ არ არის, ეს ბევრჯერ გამოჩნდა. ტორპედომ საქართველოს ჩემპიონატისთვის გამორჩეული ტრანსფერები გააკეთა. დაიმატა გიორგი კოხრეიძე, რაფაელ ლიმა, პიმენტელი, საბა კვერკველია, კასლეი ზიტა და რაც მთავარია, 2016 წლის ბუნდესლგის წლის საუკეთესო მწვრთნელი დირკ შუსტერი. ესპანურ შეკრებაზე ტორპედომ 2 ფრე ითამაშა, ერთი მატჩი მოიგო.
გორის დილა
სამწუხაროდ, ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე მოასპარეზე დილასგან ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს. მატჩამდე 2 დღეა დარჩენილი, თუმცა როგორც ჩანს, თავად კლუბს არ სურს არც ამხანაგური მატჩების გასაჯაროვება და არც ახალი ფეხბურთელების. ერთადერთი იმის თქმა შეგვიძლია, რომ თურქულ შეკრებაზე ამხანაგური მატჩი დონეცკის შახტართან გამართეს და 0:2 წააგეს. სეზონის პირველ მატჩს გორელები შინ გარეჯის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სამგურალი
შესაძლოა, სამგურალი ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გახდეს. ბოლო წლებში, ეს გუნდი სტაბილურად თამაშობს ეროვნულ ლიგაში და დამაკმაყოფილებელ შედეგებს აფიქსირებს. წელს კი მათი მიზანი უფრო მაღალია და ამის ამბიცია ლოგიკურად აქვთ, რადგან გუნდი გაძლიერდა. დავით მუჯირი, ლაშა კვარაცხელია, გიორგი ფანცულაია, ლაშა შერგელაშვილი. ამ ახალწვეულებმა თურქულ შეკრებაზე უკვე ითამაშეს და 2 თამაში მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს.
დინამო ბათუმი
გამოცდილი სპეციალისტი გიორგი ჭიაბრიშვილი შეეცდება, რომ გუნდის ბოლოდროინდელი რეგრესი გააჩეროს და წელს კარგი შედეგები დააფიქსიროს. ბათუმმა გასული სეზონი ჩააგდო, სამწუხაროდ, მათ ვერც თურქულ შეკრებაზე იყოჩაღეს და აბსოლუტურად ყველა მატჩი წააგეს, უმეტესობა დიდი ანგარიშით. დინამო ბათუმმა რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი დაიმატა - ნიკა კალანდარიშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი, თორიკე კირკიტაძე, ლაზარე კუპატაძე და ირაკლი რუხაძე.
გაგრა
ტრანსფერების მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გაგრა იყო, რომლთაც ბევრი ლეგიონერი ჩამოიყვანეს და ამავე დროს, გამოცდილი ქართველი ფეხბურთელებიც დაიმატეს. ბოლობოლო, გაგრაში თორნიკე ოქრიაშვილი დაბრუნდა, მის გარდა, ამ გუნდის მაისურით კიდევ 2 გამოცდილი ფეხბურთელი გიორგი გაბედავა და გიორგი რეხვიაშვილი ითამაშებენ. გაგრას უცხოუეთში შეკრება არ გაუვლია და ამხანაგური მატჩები საქართველოში ჩაატარა.

თელავი
გასულ სეზონში, თელავი გავარდნას გადაურჩა და კახელები შეეცდებიან, რომ წელს უმაღლეს ლიგაში ადგილი ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე შეინარჩუნონ. თელავში დინამოს აკადეემის მწვრთნელი ვალერი გაგუა იმუშავებს. თელავმა რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა - ჯადული იობაშვილი, ნიკა ცეცხლაძე, ვატო არველაძე. თურქულ შეკრებაზე გუნდმა 4 ამხანაგური მატჩი გამართა, საიდანაც ერთი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, ორი წააგო.
გარეჯი
გარეჯის ეროვნულ ლიგაში ხილვა ძალიან საინტერესო იქნება. თურქულ შეკრებაზე საგარეჯოელებმა 2 მატჩი მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს, ერთი წააგეს. რანგით უმაღლეს ლიგაში თამაში მათთვის დიდი მოტივაციაა, რადგან იქ მისასვლელად გუნდმა დიდი შრომა გასწია. გარეჯმა მათე ქომეთიანი, ფრანსუა ეკონგოლო, ირაკლი კამლაძე, გიორგი გოგოლაშვილი დაიმატა.
კოლხეთი
ფოთელებმა ძირითადად სულ ახალგაზრდა ფეხბურთელები დაიმატეს. 2 ყველაზე გამოცდილი მოთამაშე, ვინც კოლხეთს შეუერთდა, დიტო ფაჩულია და გიორგი მოისწრაფიშვილი არიან. გასული სეზონი კოლხეთმა კარგად დაიწყო, ბოლო ნაწილში კი ჩავარდნა ჰქონდა. კოლხეთმა თურქულ შეკრებაზე 2 მატჩი წააგო, ერთი მოიგო, ერთი ფრე დაასრულა.









