ბელგია V იტალია
იტალია ერთა ლიგაში თავისი ჯგუფის მოგების რეალური პრეტენდენტია - პირველი ადგილი და 10 ქულა, ოთხი ტურის შემდეგ. მეორე ადგილს ცხრა ქულით იკავებს საფრანგეთი, მესამეა ოთხი ქულით ბელგია, ბოლო კი ნული ქულით ისრაელი. როგორც ვხედავთ, "სკუადრა აძურას" სჭირდება ლიდერობის გამყარება, "ეშმაკებს" კი 1-2 ადგილოსნებთან მიახლოება.
აპენინელებმა ჯგუფში ერთადერთი ფრე სწორედ ბენილუქსელების წინააღმდეგ ითამაშეს. ალბათ გვახსოვს ის დრამატული შეხვედრა, რომლის მიმდინარეობისას "ლურჯები" იგებდნენ 2:0-ს, მაგრამ 61-ე წუთისთვის ტაბლოზე უკვე 2:2 იყო. ანდრეა კამბიასოსა და მატეო რეტეგის ბურთებს მაქსიმ დე კუიპერმა და ლეანდრო ტროსარმა უპასუხეს.
აღნიშნული ნაკრებების ზოგად ურთიერთშეხვედრების ისტორიას რომ გადავავლოთ თვალი, აღმოვაჩენთ, თუ რამხელა უპირატესობას ფლობს იტალია. თავად განსაჯეთ: 25 მატჩი - 16-ჯერ მოიგო "სკუადრა აძურამ", 4-ჯერ იმარჯვეს "წითლებმა", 5-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა. ბურთების შეფარდება - 49:28-ზე აპენინელთა სასარგებლოდ.

სხვა მატჩები
"ლურჯებისა" და დომენიკო ტედესკოს გუნდის დაპირისპირების გარდა, დიდ ინტერესს იწვევს ინგლისის ნაკრების საბერძნეთში სტუმრობა. როგორც გვახსოვს, ამ ეროვნული გუნდების პირველი მატჩი "ელადელთა" მოგებით დასრულდა. არ უნდა გამოგვრჩეს საფრანგეთისა და ისრაელის მატჩიც, რომელიც კილიან მბაპეს მონაწილეობის გარეშე ჩაივლის.
ფრანგი თავდამსხმელი არ არის ტრავმირებული, მან უბრალოდ დასვენება გადაწყვიტა. მას "მამლების" ყველა შეხვედრაში მონაწილეობის მიღება არ სურს და მადრიდის რეალის ფორვარდი თავის ეროვნულ გუნდს მხოლოდ მნიშვნელოვან მატჩებში დაეხმარება, რითაც ტრავმის მიღების რისკს შეიმცირებს. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც "გალიელთა" 10-იანმა დამოუკიდებლად მიიღო.

"დონატელოს" მთავარი მიზანი 2025 წლის ოქროს ბურთის მოგებაა — სწორედ ამიტომ სურს მას, რომ მონაწილეობა მხოლოდ მნიშვნელოვან სანაკრებო მატჩებში მიიღოს. 25 წლის ფორვარდის შესახებ კომენტარი გააკეთა "სამფეროვანთა" დამრიგებელმა, დიდიე დეშამმა: "მასთან ამ საკითხთთან დაკავშირებით საუბარი მქონდა და ის გადაწყვეტილება მივიღე, რომელიც სწორად მიმაჩნია.
მბაპეს სურდა ჩვენთან ერთად ყოფნა...მისი განაცხადში ვერ მოხვედრა, სხვა რაიმე პრობლემას არ უკავშირდება", - განაცხადა ფრანგმა მწვრთნელმა. ასეთია კილიანის გარშემო არსებული მდგომარეობა. ევროპულ პრესაში იმის შესახებაც წერენ, რომ "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში რამდენიმე ჩაგდებული მატჩის შემდეგ, ფრანგ ფორვარდს ფსიქოლოგიური პრობლემები გაუჩნდა.
ერთა ლიგის ყველა მატჩი
19:00 - ყაზახეთი-ავსტრია
21:00 - სომხეთი-ფარერები
23:45 - ბელგია-იტალია
23:45 - საბერძნეთი-ინგლისი
23:45 - საფრანგეთი-ისრაელი
23:45 - სლოვენია-ნორვეგია
23:45 - ირლანდია-ფინეთი
23:45 - ჩრდილოეთ მაკედონია-ლატვია











