როგორც მოგეხსენებათ, ჯანლუიჯი დონარუმას თავგადასავალი პარის სენ-ჟერმენში დასრულებულია. მისი ადგილი დაიკავა ლუკას შევალიემ, თავად იტალიელი გოლკიპერის სახელს კი უკავშირებენ მანჩესტერ სიტის, ჩელსის, მანჩესტერ იუნაიტედს, გალათასარაისა და არაბეთის კლუბებს.
მილანის აღზრდილმა მეკარემ პსჟ-ში ჩაატარა 160-ზე მეტი მატჩი და 10 ტიტული მოიგო. მის სახელზე არის უნიკალური მიღწევაც - ერთადერთი იტალიელი გოლკიპერი, რომელმაც ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი არაიტალიურ კლუბთან ერთად მოიგო. "სკუადრა აძურას" პირველმა ნომერმა ეს "ლურჯ-წითლებთან" ერთად შეძლო.
26 წლის მეკარის გამოჩენამდე, საუკეთესო შედეგი ამ მხრივ ჰქონდა ფლავიო რომას, რომელიც 2004 წელს მონაკოსთან ერთად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ მისმა გუნდმა პორტუსთან წააგო. ასევე გამოსარჩევია კარლო კუდიჩინიც, რომელიც მთავარი საკლუბო ტურნირის 2008 წლის ფინალში "არისტოკრატების" მხრიდან სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
ლონდონელები იმ მატჩში პენალტების სერიაში "წითელ ეშმაკებთან" დამარცხდნენ. ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის მცდელობა ჰქონდა ჯანლუიჯი ბუფონსაც, როდესაც ის ტურინის იუვენტუსიდან გადავიდა პარკ დე პრენსზე, მაგრამ სასურველ შედეგს მან ვერ მიაღწია. როგორც ვხედავთ, დონარუმა ამ მხრივ მართლაც უნიკალურია.









