მატჩის წინ, ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, პრესკონფერენცია გამართა.
შემართება ეროვნულ ნაკრებში
- ასეთი დონის მატჩში სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთელებს ვეუბნები, თუ რაზე უნდა ჰქონდეთ კონცეტრაცია თამაშის დროს. ერთი თამაშია, სადაც აუცილებლად კონცეტრაციით და გონებით უნდა ვითამაშოთ. მოტივაცია არ გვაკლია და ვეცდებით, თავი საუკეთესოდ გამოვავლინოთ.
მზადება მატჩისთვის
- მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონდა. ორშაბათს შევიკრიბეთ და ხვალ უკვე თამაშია. ახლის და განსაკუთრებულის მოფიქრება არ დაგვიწყია. გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც ბოლომდე მივყვებით და ახალი ტაქტიკური ცვლილებებიც არ იქნება, რადგან ყველა ფეხბურთელმა თავისი საქმე ისედაც იცის.
ლუქსემბურგის ნაკრებზე
- მეტოქის ყველა მატჩი ვნახეთ, რომელიც ბოლო ერთ წელში ჩაატარეს. დასკვნა ის არის, რომ მეტოქე უნდა დავაფასოთ, ერთი წამითაც არ მოვდუნდეთ და ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინოთ. თუ ეს არ მოხდება, შედეგიც არ იქნება. ჩვენი მიზანი ბურთის კონტროლია და ამაზე დღეს მოთამაშეებთან საუბარი მექნება.
ჯაბა კანკავას დაბრუნება ნაკრებში
- ნაკრებში კანკავას ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის უდიდესი გამოცდილების ფეხბურთელია. ითამაშებს თუ არა ხვალინდელ მატჩში? - ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ხვალ დისკვალიფიკაციის გამო კვარაცხელია ვერ ითამაშებს, დანარჩენი ყველა მოთამაშე მზადაა მოედანზე გასასვლელად.
მიმართვა გულშემატკივარს
- გულშემატკივარს ვეტყვი, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ის პერფორმანსი, თამაში და შედეგი ვაჩვენით, რაც მათ სურთ.
როგორ ხვდება სანიოლი ამ მნიშვნელოვან მატჩს?
- საკმაოდ აღელვებული ვარ და ეს ნორმალურია. ფეხბურთელების მსგავსად, მეც მონდომებული ვარ. როგორც მწვრთნელები, ასევე ფეხბურთელები, ასეთი დიდი თამაშებისთვის ვემზადებით. მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიურად ვიყოთ განწყობილნი და გამარჯვებაზე ვკონცენტრირდეთ.









