11 და 14 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები სტუმრად ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
მოახლოვებული მატჩების წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა საბა გოგლიჩიძემ და ანზორ მექვაბიშვილმა გააკეთეს.
საბა გოგლიჩიძე: "რთული თამაში გველის. ამ ეტაპზე ესპანეთთან მატჩზე ვართ კონცენტრირებულები. ვიცით, რომ მეტოქე ძლიერია, თუმცა ეს ფეხბურთია და ასი პროცენტით მობილიზებულები გავალთ სტადიონზე. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგ შედეგს მივაღწიოთ. სანაკრებო პაუზის წინ, კლუბში 90 წუთი ვითამაშე და სრულად მზად ვარ, რომ დავეხმარო გუნდს".
ანზორ მექვაბიშვილი: "ძალიან რთული გასვლითი მატჩები გვაქვს ჩასატარებელი. ვფიქრობ, აუცილებლად გვექნება ესპანეთთან შეხვედრაში ჩვენი შანსები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დადებითი შედეგის დასაფიქსირებლად. თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სექტემბრის შეკრების შემდეგ, ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მოახლოებულ მატჩებისთვის კარგ კონდიციაში ვყოფილიყავი და მზად ვარ იმისთვის რომ ნაკრებს დავეხმარო".
წყარო - ეროვნული ნაკრები









