ლისაბონის სპორტინგთან გასვლითი მატჩის წინ, პარის სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა. ესპანელმა სპეციალისტმა ისაუბრა არაერთ საკითხზე, მათ შორის აფრიკის თასის ფინალში მომხდარ მოვლენებზე, რომლის ეპიცენტრში ბრაჰიმ დიასი აღმოჩნდა.
"დღეს ყველა ბრაჰიმზე საუბრობს. მას აკრიტიკებენ, თუმცა შეგახსენებთ, რომ მსგავსი პენალტი დაარტყა თვით ზიდანმაც, თქვენმა კერპმა, თანაც მუნდიალის ფინალში. დიდი მოთამაშეები ხშირად მიმართავენ ასეთ ხერხს, როცა გამოგდის, ტაშს გიკრავენ, როცა არა, მიწასთან გასწორებენ.
დიასი დიდებული ფეხბურთელია, მას კარგად ვიცნობ, ჯერ კიდევ ესპანეთის ნაკრებიდან. მან უნდა გაუძლოს ამ ზეწოლას, სხვანაირად, გაუჭირდება. წარუმატებლობა სპორტის ნაწილია, ყველაზე მნიშვნელოვანია ის ღირებულებები, რომლებსაც ახალგაზრდებს აჩვენებ."









