ოლიმპიაშტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული მატჩი იხილა, სადაც რალფ რანგნიკის გუნდმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრაში ანგარიშის გახსნა ავსტრიამ მოახერხა - მატჩის მე-9 წუთზე თავი გერნოტ ტრაუნერმა გამოიჩინა. ტაიმის მიწურულს კი პოლონეთი თამაშში დაბრუნდა - კშიშტოფ პიონტეკმა ძველი, კარგი დრო, გაიხსენა და ავსტრიის საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად ისარგებლა, 1:1.
მეორე ტაიმში გუნდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა მოახერხეს, თუმცა გოლები მხოლოდ რანგნიკის გუნდმა გაიტანა. თავი ჯერ კრისტოფ ბაუმგარტნერმა გამოიჩინა, შემდეგ კი გუნდის კაპიტანმა მარკო არნაუტოვიჩმა, პოლონეთის კარში დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა და შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა, 1:3.
D ჯგუფში სიტუაცია ძალიან დაიძაბა, წინ კიდევ დღევანდელი სათამაშო დღის მთავარი შეხვედრა გველოდება: ნიდერლანდები-საფრანგეთი (23:00 საათზე).









