ლუკა, როგორი გრძნობაა ასეთი ისტორიის დაწერა ეროვნულ ნაკრებთან ერთად?
- დიდებული! საოცარი ემოციებია, რომლებიც არ სრულდება. გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე თამაში უკვე ისტორიული მოვლენა იყო ჩვენი ნაკრებისთვის. შემდეგ იყო პირველი ქულა ჩეხეთთან და გამარჯვება პორტუგალიასთან, რასაც 1/8 ფინალში გასვლაც მოჰყვა. ეს იყო საოცარი, ძალიან დიდი მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. მეამაყება, რომ ამ ყველაფრის ნაწილი მეც ვარ. ქართველი ხალხის გაბედნიერება, ჩემთვის საამაყოა.
გერმანიაში შენი ოჯახის წევრებიც იყვნენ?
- დიახ. ჩემი მეუღლე, მამა, დები და მეგობრები. დიდი ბედნიერება იყო ამ ყველაფრის ახლობლებთან გაზიარება.
რა გითხრათ ვილი სანიოლმა პორტუგალიასთან მატჩის წინ და შემდეგ?
- სანამ მოედანზე გამოვიდოდით, მან გვითხრა, რომ ჩვენ უკვე დავწერეთ ისტორია, მაგრამ ახლა უნდა ვეცადოთ კიდევ ერთი, ახალი გვერდის დაწერა. ვილიმ გვითხრა, რომ ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნება უნდა მიგვეღო, რადგან ეს ემოციები ცხოვრების ბოლომდე გაგვყვებოდა. იყავით თავისუფლები და წარმატება თავისით მოვა... ასეთი სიტყვებით გაგვაცილა მოედანზე.
თამაშის შემდეგ კი იყო წარმოუდგენელი ბედნიერება, ემოციებს ვერ ვმალავდით. მწვრთნელი მხოლოდ კომპლიმენტებით შემოიფარგლა, თუ როგორ ვითამაშეთ გუნდურად და როგორ დავიმსახურეთ ეს შედეგი.
ხვიჩა კვარაცხელიაზე...
- მის ნიჭს ყველა ხედავს, მაგრამ ამის გარდა, აუცილებლად უნდა ვთქვა მის ლიდერულ თვისებებზე. ხვიჩა ერთ ადგილას არ ჩერდება, მისი მიზანია ყოველდღიურად განვითარდეს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ნაკრებისთვისაც. მას საკუთარი ქვეყანა ძალიან უყვარს.
ხვიჩა ძალიან თავმდაბალი და კარგი მეგობარია. ის დიდ საქმეებს გააკეთებს ფეხბურთში, ვიცი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

კრიშტიანო რონალდუ და დინამოს აკადემია...
- ეროვნული ნაკრების ნახევარი გუნდი, დინამოს აკადემიიდან მოდის. როდესაც რონალდუ აკადემიის ბაზაზე მივიდა, იმ დროს ნაკრების მომავალი ფეხბურთელები, იქ იმყოფებოდნენ. ამ კლუბმა ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენთვის და ამისთვის მადლობელი ვარ. აქამდე მოსასვლელად, დინამომ დიდი დახმარება გაგვიწია.
კრემონეზე...
- ჩემი პირველი წელი სერია ა-ში ცუდი ნამდვილად არ იყო. ბევრ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა, რითაც ბედნიერი ვარ. სამწუხაროდ, სერია ბ-ში დავქვეითდით. სხვა გუნდში წასვლა შემეძლო, მაგრამ დარჩენა გადავწყვიტე. კრემონა პატარა ქალაქია, მაგრამ აქ ფეხბურთი ყველას უყვარს.
სერია ბ-ში უფრო მეტი სათამაშო დრო მომეცა. უცნაური სეზონი გამოვიდა, იყო ბევრი წინაღობა და პრობლემა, მაგრამ როდესაც მოედანზე ვარ, ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებ გუნდის დასახმარებლად.
ნაკრებში განსხვავებულ პოზიციაზე თამაში...
- არ აქვს მნიშვნელობა რა პოზიციაზე მათამაშებს მწვრთნელი. მართალია არაა მარტივი იქ თამაში, სადაც მიჩვეული არ ვარ, მაგრამ ამის გამო პრობლემები არ მექმნება. მწვრთნელს სადაც დავჭირდები, იქ ვითამაშებ. შენი ქვეყნისთვის თამაშს სხვა განცდა მოაქვს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ისტორიის შექმნა და ხალხის გახარება.
თქვენი ნაკრების წარმატების მთავარი გასაღები რა არის?
- გუნდური სულისკვეთება! ჩვენ დიდი ოჯახი ვართ, თვეზე მეტია ერთად ვართ, რაც წარმატებაში გვეხმარება. ეს ერთიანობა გადამწყვეტია, ის ქმნის განსხვავებას.
მომავალი?
- კრემონეზესთან კიდევ ორი წელი მაკავშირებს, მაგრამ რა მოხდება მომავალში, ნამდვილად არ ვიცი. კლუბთან უახლოეს პერიოდში ვისაუბრებ.

Filippo Maria Ricci © RCS MEDIAGROUP









