დღეს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მესამე საშეჯიბრო დღეა. ქართველთაგან ტატამიზე 4 ძიუდოისტი გავა.
ევროპის სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.) ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვება და პოლონელ დრიზმალსა და უკრაინელ კოლობოვს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, ტატო გრიგალაშვილი ევროპის მოქმედი ჩემპიონი და ასევე, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.
დღეს -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოდან 2 ძიუდოისტი ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს. ლუკა მაისურაძე პირველ შეხვედრას მოლდოველი მიხაილ ლატისევის წინააღმდეგ გამართავს, გიორგი ჯაბნიაშვილი კი ფინელ არტურ კანევეცს დაუპირისპირდება.
ქალთა შეჯიბრში საქართველოს ნაკრებიდან მარიამ ჭანტურია (-70 კგ.) იასპარეზებს. ჭანტურია პოლონელ ალექსანდრა კოვალევსკას დაუპირისპირდება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით, 12:30 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე აიღებს სტარტს.
შეგახსენებთ, მიმდინარე ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ორი მედალია, გიორგი სარდალაშვილი (-60კგ.) ევროპის ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა.









