2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის წინ, მიმოვიხილოთ ტურნირის რამდენიმე ფეხბურთელი, რომელსაც აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ. დავიწყოთ ევრო 2025-ის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშით, ეთან ნუანერით, რომლის ფასი ამ მომენტისთვის 55 მილიონი ევრო არის.
ინგლისელი გარემარბი ლონდონის არსენალის მთავარ გუნდში ფიგურირებს 2022 წლიდან, თუმცა მისი სრულფასოვანი აფეთქება ვიხილეთ გასულ სეზონში, რომელშიც მან 37 შეხვედრაში 9 ბურთი შეაგდო. "მეთოფეთა" ვინგერმა 2 ბურთი შეაგდო ჩემპიონთა ლიგაზეც კი, პსვ ეინდჰოვენისა და ჟირონას კარში.
მის შემდეგ მოდის გიორგი ქოჩორაშვილის მომავალი თანაგუნდელი ლისაბონის სპორტინგში - ჯოვანი კენდა, რომელიც 45 მილიონი ევრო ღირს. პორტუგალიელმა ვინგერმა გასულ სეზონში მოასწრო 54 შეხვედრის ჩატარება და შიდა პირველობის მოგებაც. შეგახსენებთ, ევრო 2025-ის ჯგუფურ ეტაპზე პირენეელთა შემტევი საქართველოს ეროვნული გუნდის მოთამაშეებს დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სამეულს 40-40 მილიონ ევროთი კასტელო ლუკება და ტინო ლივრამენტო ხურავენ. ფრანგი უკანახაზელი ბრწყინავს ლაიფციგში, მისი კონკურენტი კი ნიუკასლში. აქვე დავამატებთ, "ლუზიტანების" გარდა, "ჯვაროსნების" მეტოქე იქნება საფრანგეთის ეროვნული გუნდიც, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ "რედ ბულსის" მცველიც დაუპირისპირდება.
მივადექით ისეთ კომპონენტებს, როგორიც არის გამოცდილება და შედეგიანობა, ამ მხრივ ლიდერი არის ჩეხეთის ნაკრების თავდამსხმელი, ვაცლავ სეიკი, რომელმაც U21-ში მოასწრო 33 შეხვედრის ჩატარება და 12 ბურთის შეგდება. ცნობისთვის, ის არის ოთარ მამაგეიშვილის თანაგუნდელი ფამალიკაოში.
ჩეხი თავდამსხმელის შემდეგ 11-11 გოლით მოდიან პორტუგალიის ნაკრების შემტევი, ენრიკე არაუჟო და ფინეთის ეროვნული გუნდის ფორვარდი, ნატან სკიუტა. მივადექით ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს, რომელშიც ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე 4 მილიონი ევროთი ირაკლი აზაროვი არის.
დონეცკის შახტარის მარცხენა მცველის შემდეგ მოდიან საბა საზონოვი (2.5 მილიონი) და გაბრიელ სიგუა (2 მილიონი). რაც შეეხება გამოცდილებასა და შედეგიანობას, ყველაზე მეტი შეხვედრა რამაზ სვანაძის გუნდში ჩატარებული აქვს საბა ხვადაგიანს, უფრო კონკრეტულად კი 28.
ამის გარდა, თბილისის დინამოს მცველს, ოთარ მამაგეიშვილსა და ნოდარ ლომინაძესთან ერთად, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გატანილი აქვს 3 ბურთი, რაც საუკეთესო შედეგია. აქვე დავამატებთ, "ჯვაროსნები" პირველ შეხვედრას გამართავენ 11 ივნისს, პოლონეთის ეროვნულ გუნდთან.









