დღეს, საქართველოს ნაკრები ფარერების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ნაკრების წინააღმდეგ მოიპოვეს "ჯვაროსნებმა" ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოგება თავიანთ ისტორიაში. 2006 წლის 16 აგვისტოს, კუნძულელები განადგურდნენ ანგარიშით 0:6 ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდთან.
"თეთრ-ლურჯებს" შოთა არველაძემ შეუსრულა ჰეთ-თრიქი, თითო გოლი კი ლევან კობიაშვილმა, ალექსანდრე იაშვილმა და დავით მუჯირმა შეაგდეს. ეს იყო საქართველოს ეროვნული გუნდის ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება 21-ე საუკუნეში, იქამდე, სანამ 2023 წლის ოქტომბერში ტაილანდი 8:0 არ განადგურდებოდა.
ზოგადი ისტორია რომ ავიღოთ, იოგვან მარტინ ოლსენის გუნდის დამარცხებაზე წინ დგას კიდევ ერთი მატჩი - 7:0 სომხეთის ნაკრებთან, 1997 წელს. "ჯვაროსნები" დღევანდელ მატჩშიც ითვლებიან გამოკვეთილ ფავორიტებად და ვნახოთ, შეძლებენ, თუ არა ისინი 19 წლის წინანდელის მსგავსი შედეგის მიღწევას.
აქვე დავამატებთ იმასაც, რომ ფარერების განადგურება დღემდე რჩება ჩვენი ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებად სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში. შემდეგ მოდის 2000 წლის ოქტომბერში ლიეტუვის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართული თამაში, რომელიც დავით ყიფიანის გუნდმა 4:0 მოიგო.
| თარიღი | მატჩი | ანგარიში |
| 12/10/2023 | საქართველო-ტაილანდი | 8:0 |
| 30/03/1997 | საქართველო-სომხეთი | 7:0 |
| 16/08/2006 | ფარერები-საქართველო | 0:6 |
| 23/03/2025 | საქართველო-სომხეთი | 6:1 |
| 25/03/2023 | საქართველო-მონღოლეთი | 6:1 |









