- მოდი დავიწყოთ სულ თავიდან და მოვიდეთ ბარსა-ნაპოლიმდე...
- ნაპოლის წინააღმდეგ ოფიციალური მატჩი არ ჩამიტარებია. რთული მატჩი იქნება ორივე გუნდისთვის, ძნელია ცალსახა ფავორიტის დასახელება. ბარსამ პირველ მატჩში კარგად ითამაშა, მაგრამ ვერ მოიგო... და ამ შეხვედრის შემდეგ ნაპოლიმ ძალიან მოუმატა. მწვრთნელის შეცვლამ მათზე დადებითად იმოქმედა, მეორე მხრივ კი ჩავიმ ორი წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა: პედრი და დე იონგი. ამის მიუხედავად, ბარსას სახლში თამაშის უპირატესობა ექნება, შესაბამისად, შედარებით ფავორიტად ისინი მიმაჩნია.
- ამ ორ გუნდს თითქმის იდენტური სეზონი აქვთ...
- დიახ, ისინი საკუთარი ქვეყნის ჩემპიონები არიან და ამ სეზონში ორივეს ბევრი სირთულე შეხვდა. მე ბარსას პროგრესის მჯერა, იმის მიუხედავად, რომ მათზე დიდი ზეწოლაა.
- ბარსელონას ფანებს არ მოსწონთ Montjuic-ის სტადიონზე თამაში...
- კი, ვიცი. მათი უკმაყოფილების მესმის, ისინი სახლში არ თამაშობენ. მაგრამ, ვიმედოვნებ, ნაპოლის წინააღმდეგ ტრიბუნაზე ისეთი გარემო იქნება, როგორიც კამპ ნოუზე არის ხოლმე.
- ჩავიმ გუნდის ზაფხულში დატოვება გადაწყვიტა. ამაზე რას ფიქრობთ?
- მის გარშემო ბევრი სირთულე წარმოიშვა, ამას მასთან ერთად განვიცდი, რადგან ჩემი მეგობარია და მას ძლიან ვგულშემატკივრობ. კარგად ვიცი, როგორი ადამიანიც არის და როგორ უნდოდა ბარსასთან ერთად დიდი წარმატების მიღწევა. მისი გადაწყვეტილების მესმის, მან ეს კლუბის სიყვარულის გამო გააკეთა. ჩავის ბარსასთვის მხოლოდ კარგი უნდა.

- თქვენ გსურთ ბარსელონას გაწვრთნა?
- რატომაც არა, მაგრამ ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა. მე ჯერ კიდევ ფეხბურთს ვთამაშობ და მწვრთნელის ლიცენზია არც კი ამიღია.
- თქვენ და ჩავი ბარსელონას აკადემიიდან მოდიხართ, რას იტყვით ახლა 16 წლის იამალსა და 17 წლის კუბარსზე?
- ხშირად არ უწევთ ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს პირველ გუნდში თამაში, ეს იშვიათი გამონაკლისია. მე როდესაც თამაში დავიწყე, ამას რიკელმეს სკამზე გადაჯდომა მოჰყვა. გუნდში კრიზისი იყო, ვან გაალი კი გამოსავალს ეძებდა, "canteranos" კი პირველ გუნდს საინტერესო ფეხბურთელებს სთავაზობდა. ახლაც იგივე სიტუაციაა. იქამდე იყო გვარდიოლას მაგალითიც, როდესაც ბუსკეტსს და პედროს შანსი მისცა, თუმცა მათ გაუმართლათ, რადგან რთულ პერიოდში არ მოუწიათ თამაში. არ ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები ასეთ დატვირთვას უნდა იღებდნენ, მაგალითად შევხედოთ პედრის. მას აიძულეს მთელი სეზონის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის მატჩების ჩატარება - ლა ლიგა, ევროტურნირები და ოლიმპიადა, რასაც ლოგიკური გაგრელება მოჰყვა, ტრავმები.

- არის თუ არა გვარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტი?
- როგორც ისინი თამაშობენ და რა შედეგსაც აჩვენებენ, ვფიქრობ კი, ფავორიტები არიან.
- რას ეტყოდით მათ, ვინც ამტკიცებს, რომ ისინი წარმატებას დიდი თანხების დახარჯვის ფონზე აღწევენ?
- ვინც მას კარგად იცნობს და მის გუნდში უმუშავია, იცის, რომ პეპი ყველასგან განსხვავდება. ის საუკეთესოა? მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ როგორც მწვრთნელი ის გასაოცარია, რაღაც განსაკუთრებულთან გვაქვს საქმე.

- და ლუის ენრიკე?
- სწორი არჩევანი, რომელიც მბაპეს წასვლის შემდეგ გუნდს ულიდერებს და გაუძღვება. ის ჭკვიანი ადამიანია, იცის კარგად რა უნდა და რა არის გუნდისთვის კარგი. მისი გადაწყვეტილებები ყოველთვის გუნდის სასიკეთოდ არის მიმართული.
- ანჩელოტიზე რას გვეტყვით?
- მასზე ბევრი არაფერია სათქმელი, მისი კარიერა ყველაფერს ამბობს. როგორც მოთამაშე და შემდეგ როგორც მწვრთნელი, ის ძალიან ძლიერია. წარმატების გარანტია.
- 1000 მატჩი. რომელს გამოარჩევდით?
- პირველ შეხვედრას, დებიუტი ბრიუგეში, 2002 წლის ოქტომბერში. ბავშვობიდან ვოცნებობდი ფეხბურთელობაზე და იმ საღამოს, მე ჩემს მიზანს მივაღწიე. იღბლიანი ვარ, ბევრი მოვიგე და ბევრი დასამახსოვრებელი მატჩიც ჩავატარე. ჩემი ჩატარებული მატჩების ყურება მიყვარს, რადგან მიხარია რომ იმ მოძრაობებს და გოლებს ვიმეორებ, რასაც ბავშვობაში თიხის სტადიონზე ვაკეთებდი. ფეხბურთი ძალიან მიყვარს, სწორედ ამიტომ ვაგრძელებ თამაშს და არ ვჩერდები.
Filippo Maria Ricci © RCS MEDIAGROUP












