ვენსან კომპანის მეორე სეზონი მიუნხენის ბაიერნში მართლაც შთამბეჭდავად მიდის - 15 მატჩი სეზონის სტარტზე და 15 გამარჯვება. "რეკორდმაისტერმა" 9 შეხვედრა მოიგო გერმანიის ჩემპიონატში, 4 ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე, 2 კი ქვეყნის თასზე. საუბარია დამრიგებელზე, რომელიც ორი წლის წინ, ბარნლისთან ერთად ინგლისის უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა.
დღეს, ბელგიელი მწვრთნელი ევროპული ფეხბურთის მწვერვალზეა. ის არ არის ერთადერთი თავკაცი, რომელიც კარიერის სტარტზე თავის გუნდთან ერთად ქვედა ლიგაში დაქვეითდა. გავიხსენოთ რაფა ბენიტესი, რომელმაც 1997 წელს ესტრემადურა პრიმერა დივიზიონში კი ააღზევა, მაგრამ შემდეგ სეზონშივე სეგუნდაში დააქვეითა.
იტალიურ ფეხბურთში არის ასეთი გუნდი სახელწოდებით არეცო, რომელიც სერია B-დან სერია C-ში დაქვეითებისგან 2006/2007 წლების სეზონში ვერ იხსნეს მაურიციო სარიმ და ანტონიო კონტემ. კიდევ ერთი დაქვეითებული აპენინელი: რობერტო დე ძერბი და მისი ბენევენტო, 2017/18 წლების სეზონში, კალჩოს უმაღლესი დივიზიონიდან ქვედაში.









