ამხანაგურ მატჩში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქუთაისში კაბო ვერდეს უმასპინძლა და მეტოქე ვერ დაამარცხა — მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.
შეხვედრის პირველი გოლი პირველი ტაიმის ბოლოს, 46-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ გაიტანა და საქართველო დააწინაურა. 77-ე წუთზე, რაიან მენდესმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა.
ამრიგად, ზაფხულის ამხანაგური მატჩების სერიაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ანგარიშზე 1 მოგება და 1 ფრეა. პირველ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა თბილისში ფარერის კუნძულები მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხეს.









