რედ ბულის ხელმძღვანელის, კრისტიან ჰორნერის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება დასრულდა. დირექტორთა საბჭომ ის უდანაშაულოდ ცნო.
"დამოუკიდებელი გამოძიება ჰორნერის წინააღმდეგ დასრულებულია და მის მიმართ წაყენებული ბრალდება მოხსნილია" - ნათქვამია ავსტრიული გუნდის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც კრისტიან ჰორნერს ერთ-ერთმა თანამშრომელმა არასათანადო მოპყრობის გამო უჩივლა და რედ ბულმა საქმის შესასწავლად დამოუკიდებელი ადვოკატი დაიქირავა.
ადვოკატმა აღნიშნული საქმე შეისწავლა და რამდენიმე დღის წინ რედ ბულის დირექტორთა საბჭოს 100-გვერდიანი რეპორტი გადასცა, რის საფუძველზე ავსტრიულმა გუნდმა ჰორნერი გაამართლა. ის დირექტორის პოზიციაზე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონი 2 დღეში ოფიციალურად დაიწყება, ხოლო პირველი რბოლა კვირას, ბაჰრეინში ჩატარდება.
გამოძიება დასრულდა - კრისტიან ჰორნერი უდანაშაულოდ ცნეს











