"მონცასთან მატჩის შემდეგ, ვთქვი, რომ ეს ჩემი ბრალი იყო... გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგი და ანგარიში ჩემი ბრალი იყო. ნაპოლი ერთ დიდ ოჯახად მიმაჩნია და ეჭვის შეტანა იმაში, რომ სკუდეტოს მოგება გამართლება იყო, გულს მიკლავს. პროცესები რაც ახლა ჩვენს თავს მიმდინარეობს, თავიდან ბოლომდე ჩემი ბრალია. სპალეტისთან კარგი კონტრაქტი გავაფორმე, როგორც თავის დროზე ეს ბენიტესთან გავაკეთე. გამოვიყენე კონტრაქტში ჩაწერილი ის პუნქტი, რომელიც ცალმხრივია, მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ ორმხრივია. ეს პუნქტი ითვალისწინებდა სპალეტის გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩენას, რის შესახებაც ლუჩიანოს მაისის ბოლოს პირადად მოვახსენე“.
"2023 წლის მარტიდან გუნდს დიდი ჩავარდნა ჰქონდა. მაშინ ჩვენი ვარსკვლავი კვარაცხელია იყო, რომელსაც მარტიდან ნოემბრამდე გოლი აღარ გაუტანია. ვარსკვლავის ასეთმა დაცემამ შეიძლება პრობლემები შეგვიქმნას. წინა სეზონზე სერია ა-ში დიდი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ მე იმედგაცრუებული ვიყავი ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი ასპარეზობით, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩვენი თამაშიდან გამომდინარე ამ ტიტულის მოგება შეგვეძლო. 33 წლის შემდეგ სკუდეტოს მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგებით 2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ადგილს გავინაღდებდით, რაც კლუბს დამატებით 100 მილიონს მოუტანდა. მილანთან მატჩების წინ ჩემპიონთა ლიგაზე ვთქვი, რომ სპალეტი ჩვენთან დარჩებოდა. ჯერ სერია ა-ში მოგვიგეს 4:0, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზეც დავმარცხდით. ამ ყველაფრის შემდეგ, 21 აპრილს, სპალეტის კონტრაქტის გახანგრლივების შესახებ ჩემი სურვილი ვაცნობე, მისი შენარჩუნება მომდევნო სეზონშიც მსურდა და ეს წაგებები, ჩემს გეგმებს არ შეცვლიდა. ვერასოდეს დავიჯერებდი, რომ 12 მაისს ვახშამზე, ის გამოაცხადებდა თავის სურვილს, კლუბის დატოვებასთან დაკავშირებით. სწორედ აქ დავუშვი შეცდომა, როცა მივიღე მისი თხოვნა მადლიერების გამო - ვიფიქრე, მან ხომ 33 წლის შემდეგ სკუდეტო მოგვაგებინა, ამ თხოვნაზე უარი როგორ ვუთხრა?!“
„სპალეტიმ რაც ჩვენთვის გააკეთა, მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები, თუმცა დღემდე ვერ ვხვდები რა იყო მისი წასვლის მთავარი მიზეზი... შეიძლება ეს იტალიის ნაკრებში გამზადებული კონტრაქტი ყოფილიყო, ზუსტად არ ვიცი“.
„ძალიან მალე ფილმს შემოგთავაზებთ, რომელიც სკუდეტოზე იქნება, ვფიქრობ პრემიერა აპრილში შედგება, დიდ ეკრანზე სტადიო მარადონაზე“.
„"მომავალი? მე 2030 წელზე ვფიქრობ, მინდა ახლანდელ ნაპოლის ჰქონდეს საშუალება უძლიერეს კლუბებს ეკონომიკურად კონკურენცია გაუწიოს. ბევრმა დაგვადანაშაულა, რომ ახალგაზრდებში ინვესტიციას არ ვდებთ. რეალურად, ჩვენ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ბარიში, რომელიც ახლა სერია ბ-ში იმყოფება. იქ ჩვენს ახალგაზრდებს სათამაშოდ დიდი დრო ექნებათ, მომავალში კი ნაპოლის გამოადგებიან. წლევანდელი სეზონის ბალანსს 80-მილიონიანი მოგებით დავხურავთ, რეზერვში კი 140 მილიონი გვექნება. ეს ფული თავიდან ბოლომდე კლუბს მოხმარდება და ჯიბეში ჩადებას არ ვაპირებ.“
„ჯუნტოლი? მე ის სერია დ-დან მოვიყვანე, როცა არავინ იცოდა ვინ იყო და რას წარმოადგენდა. 8 წელი ჩვენთან ერთად იზრდებოდა, ოჯახის წევრი იყო, თუმცა ბოლო მომენტამდე მიმალავდა, რომ იუვენტუსის გულშემატკივარი იყო. ეს რომ მცოდნოდა, მასთან თანამშრომლობას შევწყვეტდი. ის ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ცხოვრებაში არის რაღაცები, რასაც გვერდს ვერ ავუვლით“.
„ტიაგო მოტა სპალეტის ერთ-ერთ შემცვლელად განიხილებოდა. მასთან 6-საათიანი შეხვედრა მქონდა, ქალაქ რომში, თუმცა ბოლოს მითხრა, რომ თუ ბოლონიას დატოვებდა, ის იტალიასაც დატოვებდა, რადგან მუშაობა სხვა ქვეყანაში სურდა. რა გუნდზე იყო საუბარი, ამას ვერ გაგიმხელთ. შემდეგ იყო ლუის ენრიკესთან საუბარი, თუმცა მისმა წარმომადგენელმა თავიდანვე მითხრა, რომ პარიზში მიდიოდნენ. სიმართლე უნდა ითქვას, ნაპოლიზე ბევრად ძლიერი და მიმზიდველი კლუბებიც არიან ევროპაში“.
„დრაგუშინი? ჯენოას ბევრად მეტ თანხას ვთავაზობდი ვიდრე ამას ბაიერნი ან ტოტენჰემი აკეთებდა, თუმცა ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში თამაში უნდოდა, რის წინააღმდეგაც ჩვენ ვერაფერს გავხდებოდით“.
„რა იქნება მომავალში? ამაზე ახლა საუბარი რთულია. მე როდესაც აქ მოვედი, ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. 19 წელმა კი ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. ამ დროში შევძელი და გუნდში საუკეთესო მოთამაშეები მოვიყვანე, მოვიგეთ სკუდეტო და კლუბმა დიდი პროგრესი განიცადა. ნეაპოლი რთული ქალაქია, აქ ცოტა თავმდაბლობის გამოჩენაა საჭირო, ხალხს უნდა უსმინო და მათი რჩევები გაითვალისწინო“.
„ვფიქრობ, ნაპოლის განვითარებას ხელს ვუწყობ, კლუბში ჩემს პირად ფულს ვხარჯავ და რომ არ მაინტერესებდეს ეს გუნდი, დიდი ხნის წინ წავიდოდი. თუმცა ჩვენ გვჭირდება დამატებითი შემოსავალი, რაც იტალიაში კანონების სიმკაცრის გამო რთული მოსაპოვებელია. ეს საკმაოდ აძნელებს გუნდის განვითარებას“.
„გარსია ლიგა 1-ის საუკეთსო მწვრთნელი იყო 2011 წელს. რომასთან ერთად კი იტალიაში მეორე ადგილზე გასვლა ორჯერ მოახერხა. 2017-18 წლების სეზონზე მარსელთან ერთად ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, 2019-20 სეზონზე კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა, როდესაც იუვენტუსი და მანჩესტერ სიტი გამოაგდო გათამაშებიდან. რა უნდა მექნა, როცა კაპოდიმონტეში თქვა, რომ ნაპოლის მატჩები არ უნახავს? ის სახლში, რომ გამეშვა, რას იტყოდა ხალხი, რას იტყოდა პრესა? მაცარი რომ ეგრევე მომეყვანა, რა უნდა მეთქვა ხალხისთვის, როგორ უნდა ამეხსნა ეს გადაწყვეტილება? გარსიას ბევრ რჩევას ვაძლევდი, როდესაც ის მისმენდა, შედეგიც კარგი გვქონდა, მაგალითისთვის ლეჩესთან მატჩიც საკმარისია (გუნდმა 4:0 მოიგო). როდესაც მივხვდი, რომ მისი მუშაობა შედეგის მომტანი აღარ იქნებოდა, მას დავემშვიდობე. ემპოლისთან მატჩის წინ, გასახდელში მასთან საუბარი მსურდა, თუმცა მან ასეთი სიტყვები მითხრა: „მარტო დამტოვე...“, ჩემს კრიტიკას ასე უპასუხა."
„რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგება მსურს, რადგან როგორც კლუბი, ისე ქალაქიც იმსახურებს წარმატებას. ჩვენ ვიბრძვით არასწორ რეალობაში - იტალიაში ერთადერთი კლუბი ვართ, რომელსაც დადებითი ბალანსი და უპრობლემო ბიუჯეტი აქვს. ვეთამაშებით გუნდებს, რომლებიც ჩემპიონატში ვერ უნდა რეგისტრირდებოდნენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, მაგრამ 50%-ით ნაკლებს ვაკეთებთ, ვიდრე ინტერი, იუვენტუსი და მილანი. უნდა ვიყოთ სრულყოფილები, არ უნდა გადავუხვიოთ ჩვენს გზას და ყველაფერი კანონიერად გავაკეთოთ“.

„კვარაცხელიას აგენტს, დაახლოებით, 3 თვის წინ შევხვდი და ახალი კონტრაქტის გაფორმება შევთავაზე, მათგან კი ასეთი პასუხი მივიღე - არ ინერვიულო, ჩვენ აქ ბედნიერები ვართ და ახალ კონტრაქტზე სეზონის ბოლოს დავილაპარაკოთ“.
„ფლორენტინო პერესთან რამდენიმე შეხვედრა მქონდა. მას ავუხსენი, რომ სუპერ ლიგის იდეა არასწორი იყო. ეს იდეა გულშემატკივრების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავდა“.
„მაცარი აქ იმიტომ მოვიდა, რომ ჩვენი მეგობარია. მან იცის, რომ ინტერში წასვლით დიდი შეცდომა დაუშვა. ახლა კი მშვიდად მუშაობის საშუალება მივცეთ, სეზონის ბოლოს კი ერთად ვნახოთ რა მოხდება. ჯერ თებერვალია, წინ დიდი დროა. აპრილის ბოლოს სიახლეები შეიძლება იყოს“.
„ჟელინსკი? მის აგენტზე გაბრაზებული ვარ. ის გუნდში ყველაზე დიდ ხელფასს იღებდა, მაგრამ მის აგენტს მეტი ფულის აღება უნდოდა და ამიტომ გადაწყვიტეს ნაპოლის დატოვება“.
„სკუდეტო? შესაძლოა, სამი წელი კიდევ დაგვჭირდეს, რომ კვლავ გავიმარჯვოთ, მაგრამ ამისთვის მზად ვარ, ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ. თუ მოდმევნო სეზონზე ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავალთ, ეს არ ნიშნავს, რომ გუნდს არ დავაფინანსებ და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ცუდი გვექნება“.
„პრობლემა მე რომ ვიყო, გუნდს დავტოვებდი. ის რომ ცუდი ხასიათი მაქვს, სიმართლეს არ შეესაბამება“.









