შეიძლება ითქვას, რომ "ბიანკოჩელესტესთვის" ეს კიდევ წინსვლად ითვლება, იმის გათვალისწინებით, რომ სეზონის სტარტი ამ გუნდმა გასავარდნ ზონასთან გაატარა. მოკლედ, წლევანდელ სეზონს "არწივები" შარშანდელზე სუსტად ატარებენ, ყოველ შემთხვევაში კალჩოში, მაგრამ ევროსარბიელზე ყველაფერი ჯერჯერობით ზღაპარს ჰგავს.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ოლიმპიკოს ბინადრებმა, მადრიდის ატლეტიკოსთან ერთად, გადალახეს გლაზგოს სელტიკისა და როტერდამის ფეიენოორდის ბარიერი, პლეი-ოფში კი "რეკორდმაისტერს" პირველი მატჩი მოუგეს. საქმე არ არის მხოლოდ გერმანული გუნდის ჩავარდნაში, ფაქტია, მაურიციო სარის შეგირდებმა მოედანზე თავისი მაქსიმუმი გააკეთეს.

ბავარიამ ვერაფერი მოუხერხა ლაციოს გადატვირთულ დაცვას, შეხვედრის მიწურულს კი მასპინძლები დაფიქრდნენ მეორე გოლზეც, რის შემდეგაც სტუმრებს რამდენიმე შეტევის მოგერიება მოუწიათ. გატანილი ბურთის გარდა, რომაელების მხრიდან გამოსარჩევია ერთი საინტერესო მომენტი: ლუის ალბერტოს ულამაზესი პასი გუსტავ ისაქსენის მისამართით, მისი შესვლა და მანუ ნოიერის მხრიდან ბურთის მოგერიება.
ერთი სიტყვით, "ბიანკოჩელესტეში" ზეიმია, ალიანც არენაზე კი ანტი-რეკორდებს ითვლიან. გთავაზობთ რამდენიმეს - 17 დარტყმა კარისკენ და არცერთი გოლი, ჩემპიონთა ლიგის ანტი-რეკორდი; პირველად 5 წლის მანძილზე - არცერთი დარტყმა კარში მთელი მატჩის განმავლობაში; ზედიზედ ორი წაგება, მსგავსი რამ მოხდა 2019 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად.
ეს ყველაფერი არ არის, გავაგრძელოთ - ზედიზედ ორი მარცხი და ნული გატანილი გოლი, პირველად 2015 წლის შემდეგ; მეათე მარცხი ტომას ტუხელისთვის, რომელსაც საამისოდ 43 მატჩი დასჭირდა. ცნობისთვის, იულიან ნაგელსმანი ამ ნიშნულამდე 84 თამაშში ავიდა.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 5 მარტს გაიმართება.










