ტურინის იუვენტუსის ყოფილმა ნახევარმცველმა, დინო ბაჯომ ერთმანეთს დიეგო მარადონა და ლიონელ მესი შეადარა. ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ნაპოლის ყოფილ კაპიტანს ბევრად გაუმარტივდებოდა თანამედროვე ეპოქაში თამაში, ბარსელონას ყველა დროის საუკეთესო გოლეადორს კი პირიქით, გაუჭირდებოდა.
"იმ დროს ფეხბურთი სხვანაირი იყო. მეტოქეს შეეძლო შენთვის ჭრილობის მიყენება და ეს ყველაფერი დაუსჯელი დარჩებოდა. მათთვის იყო სულ ერთი, ფეხს ბურთს მოარტყამდნენ თუ შენს კოჭს. ყოველი თამაშის შემდეგ, ნაიარევი გრჩებოდა. დღეს კი მსაჯი კონტაქტის მოხდენამდე აჩერებს ეპიზოდს.
მარადონა თანამედროვე ეპოქაში 1000 გოლს გაიტანდა. ვერ წარმოიდგენთ, თუ როგორ უხეშობდნენ მის წინააღმდეგ, როდესაც ის ნაპოლიში თამაშობდა. რაც შეეხება მესის, ის დარჩებოდა ბრწყინვალე მოთამაშედ, მაგრამ ძალიან ბევრ ტრავმას მიიღებდა. ამიტომ ვაყენებ დიეგოს სხვებზე წინ", - განაცხადა იტალიელმა ყოფილმა შუახაზელმა.









