2023-2024 წწ. სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდა, ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტის ჯილდო კი გიორგი ქოჩორაშვილს გადაეცა. გამოკითხვა გაზეთმა “სარბიელმა” ჩაატარა, რომელშიც 86 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა.
“სარბიელის” დაჯილდოება 1993 წლიდან ყოველწლიურად იმართება.
ჯილდოს შესახებ ფეხბურთელებმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს:
გიორგი მამარდაშვილი: “დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ეს ჯილდო და ორმაგ მოტივაციას მაძლევს მეტი გავაკეთო, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო კარიერისთვის. წინ კიდევ ბევრი გამარჯვებებია.
რაც შეხება 2023-2024 წლების სეზონს, გამორჩეული, რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატი იყო. ჩეხეთსა და პორტუგალიასთან მატჩს გამოვყოფ,
რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ყველა გუნდს თანაბარი შანსი აქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, სასურველი შედეგისთვის. ყველაფერი ნოემბერში თამაშებში გადაწყდება. სამწუხაროა ალბანეთთან წაგება, ძირითადად დაცვით ფეხბურთს თამაშობდნენ. რთული იყო შეტევა და საბოლოოდ გოლი საკუთარ კარში მივიღეთ, რამაც გადაწყვიტა ყველაფერი. ჩემი აზრით, წაგებას არ ვიმსახურებდით, შევქმენით მომენტები, საიდან გატანაც შეიძლებოდა, მაგრამ ფეხბურთია, ვერ შევცვლით. მორიგ თამაშებში უნდა გამოვასწოროთ ეს ყველაფერი."
გიორგი ქოჩორაშვილი: "ეს მარტო ჩვენი დამსახურება არ არის, ეს არის ჩემი ოჯახის, სტაფის და, რა თქმა უნდა, ჩემი გუნდელების, ყველა ადამიანის დამსახურება, ვინც ჩემ უკან დგას. მათ გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. მჯერა რომ პროგრესი მუდმივია, ეს წელი უკეთესი გამოვა, ვიდრე წინა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე თამაში შენს ეროვნულ ნაკრებთან ერთად უდიდესი მოვლენაა, ამაზე დიდი მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატი შეიძლება იყოს, ამიტომ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ წინსვლას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ვეცდებით ჩვენი შრომა და მენტალიტეტი ხარისხზე აისახოს და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა შევძლოთ."
გიორგი მამარდაშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი საუკეთესოებად დაასახელეს












