სერბეთთან შეხვედრას განსაკუთრებული დატვირთა ექნება გიორგი ცინცაძისთვის. ჩვენი გუნდის უკანახაზელი სანაკრებო კარიერას დაასრულებს. გიორგი ცინცაძე 20 წელია ეროვნულ ნაკრებში თამაშობს და გუნდურ სახეობებში ჩატარებული მატჩებით, საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენია. სერბეთთან შეხვედრა ცინცაძისთვის 217-ე იქნება.
გიორგი ცინცაძე სერბეთის ნაკრებს, რა თქმა უნდა, რთულ მეტოქედ აფასებს, თუმცა აცხადებს რომ საქართველოს ნაკრებს გამარჯვება შეუძლია:
გიორგი ცინცაძე: "საპასუხისმგებლო თამაშია, იმედია მაქვს და მჯერა ჩვენს გუნდს შესწევს ძალა, დასანანი მარცხის შემდეგ, გამარჯვება მოვიპოვოთ, რაშიც გულშემატკივარი დაგვეხმარება. სერბეთი ძლიერი გუნდია, კარგი კალათბურთელები ჰყავთ, თუმცა სახლში თამაში ჩვენი პლიუსია. ამ დარბაზში ხშირად დაგვიმტკიცებია, რომ ყველა მეტოქესთან შეგვიძლია თანაბრად თამაში და გამარჯვება. რაც შეეხება ჩემს სანაკრებო კარიერას, მოვიდა დრო ნაკრებს დავემშვიდობო და გულშემატკივართა რიგებში გადავინაცვლო. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს."
საქართველოს ნაკრები ჯგუფში დანიის, ფინეთისა და სერბეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ფინეთი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე აქვს. G ჯგუფიდან, ფინეთთან ერთად, ორი საუკეთესო ნაკრები მოხვდება ევრობასკეტზე.
საქართველოსა და სერბეთის ნაკრებების მატჩი „თბილისი არენაზე", დღეს 21:00 საათზე დაიწყება.











