ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბერგამოს ატალანტას მწვრთნელი თავისი გუნდის წამყვან ფეხბურთელებს უპირისპირდება. ყველაზე ცნობილი კონფლიქტი 67 წლის ტაქტიკოსს მოუვიდა პაპუ გომესთან, მადტიულანდთან მატჩის შესვენებისას, რის შემდეგაც მუნდიალის მომავალი ტრიუმფატორი სევილიაში გაუშვეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ კონფლიქტამდე, გასპერინი არგენტინელ შემტევს თავის საუკეთესო შეგირდად თვლიდა. მის გარდა, შავ სიაში სხვადასხვა დროს მოხვედრილან სიმონ კიაერი, მარკო სპორტიელო და ჰანს ჰატებური. საინტერესოა მარტინ შკრტელის შემთხვევაც: ვეტერანმა უკანახაზელმა იტალიელ ტაქტიკოსთან სულ რაღაც ერთი თვე გაძლო.
სლოვაკმა ცენტრალურმა მცველმა "ლა დეა" ერთი შეხვედრის ჩატარების გარეშე დატოვა. ჯან პიეროს სხვა მსხვერპლები - ტიმოტი კასტანი და იოაკიმ მელე, რომელიც ვეტერანმა ტაქტიკოსმა ზედმეტი მხიარულობის გამო აითვალწუნა. "შავ-ლურჯების" დამრიგებელი თვლიდა, რომ ის რასმუს ჰოილუნდზე უარყოფით გავლენას ახდენდა.











