თუ ესპანეთთან მატჩის წინ სხვა განყობა იყო და ყველას ფიქრი იქით იყო, რომ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებოდით და შანსი არ გვქონდა, თურქეთთან სულ სხვა შემართება და განწყობაა.
ესპანეთთან ასეთი ცუდი თამაშის მთავარი მიზეზიც ეს იყო - ესპანეთის დამარცხება შეუძლებლად მიგვაჩნდა და თავიდანვე თავდაცვითი ტაქტიკა ავირჩიეთ, ბურთს უმისამართოდ ვიგერიებდით და შეტევა საერთოდ არ გვქონია. ასეთი მაღალი დონის შემტევები გვყავს და ბურთთან ერთად ფაქტობრივად არ იყვნენ.
ეს მატჩი უკვე ისტორია და გაკვეთილია, რომლისგანაც დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და დღევანდელ მატჩში გამოვასწოროთ. თურქეთთან აუცილებლად გამარჯვება გვჭირდება.
ფეხბურთელებმა თქვეს, რომ ესპანეთთან თამაში უნდა დავივიწყოთ და თურქეთთან თამაშზე მოვახდინოთ კონცეტრაციაო, რაც შეასრულეს და მატჩისწინა ვარჯიშზე კარგი განწყობით იყვნენ.
ვარჯიშის წინ, ვილი სანიოლმა ფეხბურთელებს მიმართა და იმაზე გრძელი საუბარი გამოუვიდა, ვიდრე აქამდე. ფრანგ სპეციალისტს ფეხბურთელებთან სასაუბრო მართლაც ბევრი აქვს.
ვარჯიშმა პოზიტიურად ჩაიარა, იყო ფიზიკური მომზადება, ტაქტიკური ვარჯიშიც და შეიძლება ითქვას, საქართველოს ნაკრები თურქეთთან მატჩისთვის სრულფასოვნად მზადაა.
მატჩი კოჩაელის რეგიონში, ქალაქ იზმიტში გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონი ქალაქის ცენტრიდან მოშორებითაა, საკმაოდ კომფორტული და თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილია - ტევადობა 35 ათასი.
გასაკვირი არაა, რომ იზმიტის ქუჩებსა თუ სასტუმროებში ბევრ ქართველ გულშემატკივარს შევხვდებით, რომლებიც სპეციალიურად ამ მატჩისთვის არიან ჩამოსული.
"თურქი გულშემატკივრები? - ეს წნეხი კი არა, უფრო გამოწვევაა. ვიცით, რომ თურქებს საოცარი გულშემატკივრობა აქვთ, თუმცა სტადიონზე ქართველი გულშემატკივარიც ბევრი იქნება" - ეს ანზორ მექვაბიშვილის სიტყვებია, რაც კარგად ასახავს ფეხბურთელების და გულშემატკივრის მიდგომას ამ მატჩისადმი.
იზმიტში მზიანი ამინდია და ყველაფერია იმისთვის, რომ ნაკრებმა კიდევ ერთი ხმაურიანი გამარჯვება შემოგვთავაზოს და მთელი საქართველო გაახაროს.









