ვარჯიშის საწყის ეტაპზე საქმეში ფიზ.მომზადების მწვრთნელი ჩაერთო, რომელმაც ფეხბურელები კარგად გაახურა. რთულია, როცა ერთი თამაშის შემდეგ, მეორე მატჩს ისე თამაშობ, რომ მხოლოდ ერთ მოსამზადებელ ვარჯიშს ასწრებ, თუმცა გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია.
ამ ერთ ვარჯიშში სანიოლმა ბევრი რამ ჩაატია. გახურების შემდეგ, ტაქტიკური ვარჯიშები დაიწყო. როგორც ჩანს, სანიოლი ძირითად შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელებას აპირებს.

.
ვარჯიშამდე პრესკონფერენცია სანიოლმა და ლუკა ლოჩოშვილმა გამართეს, სადაც მათ ამ მატჩის მნიშვნელობასა და საბრძოლო განწყობაზე ისაუბრეს.
მოგეხსენებათ, თამაში ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცშია, პრაღიდან დაახლოებით 3 საათის გზაზე. ოლომოუცი პატარა, ცივი ქალაქია, სადაც მხოლოდ 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქში საკმაოდ ლამაზი არქიტექტურა და ბევრი ღირშესანიშნაობაა. ეს ქალაქი გერმანიის ქალაქ ფელბერტს წააგავს - მშვიდი, ცოტა ხალხით და ნაკლები გადატვირთულობით. თუ ფელბერტი დაგავიწყდათ, გეტყვით, რომ ამ ქალაქში ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები იყო დასახლებული და მატჩებისთვის მზადებას გადიოდა.
რაც შეეხება სტადიონს, სადაც თამაში უნდა ჩატარდეს, მხოლოდ 12 ათას გულშემატკივარს იტევს. სტადიონი საკმაოდ ორიგინალური დიზაინისაა. ტრიბუნის ერთი მხარე გაშლილია, როგორც ეს დორტმუნდის სიგნალ ოდინა პარკზეა. რაც მთავარია, ბალახი კარგ მდგომარეობაშია.

ქუჩებში ბევრი ქართველი დადის. ისინი სპეციალურად ამ თამაშისთვის არიან ჩამოსულები ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან და ორი იმდენი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე კიდევ ჩამოვა.
მოკლედ რომ ვთქვათ, ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ საქართველომ წლის ბოლო მატჩი მოიგოს, ჯგუფიდან გავიდეს და კიდევ ერთი ისტორია დაწეროს.










