"ნერაძური" ითვლებოდა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მფლანგველ გუნდად და ხმაურიანი ტრანსფერების გარეშე პრაქტიკულად არცერთ ზაფხულს არ ჩაუვლია. ამ ყველაფერთან ერთად, "შავ-ლურჯების" ანგარიშზე არის არაერთი სატრანსფერო შეცდომაც. მაგალითად: კლუბმა სხვადასხვა დროს პრაქტიკულად გააჩუქა რობერტო კარლოსი და დენის ბერგკამპი.
ბრაზილიელი მარცხენა მცველი მადრიდის რეალში გახდა თავის პოზიციაზე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო, ნიდერლანდელი თავდამსხმელი კი ლონდონის არსენალისა და ზოგადად ინგლისური ფეხბურთის საკულტო ფიგურა. შეგვიძლია შევადგინოთ 20, 30 და 50-იანი ტოპიც კი იმ მოთამაშეებისგან, რომლებმაც მეაცაზე ადგილი ვერ დაიმკვიდრეს.

როგორ ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს, მორატის კლუბმა ყველაზე დიდი საჩუქარი, თანაც ორი, გაუკეთა არა პირობით "სამეფო კლუბს" ან "მეთოფეებს", არამედ მეზობელ მილანს, რომელმაც თანაქალაქელებისგან გაშვებული ორი მოთამაშით, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაციისა და შედეგების მქონე გუნდი შექმნა.
საუბარია ანდრეა პირლოსა და კლარენს ზეედორფის შესახებ, რომელთა კარიერა ინტერნაციონალეში რბილად რომ ვთქვათ, უღიმღამო იყო. გავიხსენოთ, თუ როგორ მოხვდნენ ლეგენდარული იტალიელი და ნიდერლანდელი შუახაზელები "ნერაძურიდან" "როსონერიში". პირველი სატრანსფერო შეცდომა კლუბმა "სკუადრა აძურას" ფლეიმეიქერის მიმართებაში დაუშვა.

ეს მოხდა 2001 წლის ზაფხულში, როდესაც გუნდებმა განახორციელეს სამმაგი ბარტერი - "შავ-ლურჯებიდან" "შავ-წითლებში" გადავიდნენ მომავალი ლეგენდარული 21-ე ნომერი, კრისტიან ბროკი და მატეო ბოგანი. საპირისპირო მიმართულებით კი ანდრეს გულიელმინპიეტრო, დრაჟენ ბრნჩიჩი და პაოლო ჯინესტრა.
კითხვაც არ უნდა იმას, თუ რომელმა მხარემ იხეირა აღნიშნული ბარტერით. პირლო გახდა "ეშმაკების" ლეგენდა, მათ ბროკიც კი გამოადგათ, "გველებისთვის" კი გული 3 სეზონის მანძილზე იყო რიგითი სათადარიგო მოთამაშე, ბრნჩიჩსა და ჯინესტრას კი თავიანთ ახალ კლუბში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებიათ.

მოგვიანებით გაირკვევა, რომ აღნიშნული ბარტერი საჭირო იყო გუნდების ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად და შემოსავლების დადასტურების მიზნით. გასაგებია, რომ კლუბები 3 მოთამაშის არჩევაზე არ ფიქრობდნენ დიდხანს, მაგრამ საკვირველია, თუ როგორ ვერ დაინახეს მეაცაზე უნიჭიერესი იტალიელი შუახაზელის პოტენციალი.
დიახ, ანდრეას მორატის კლუბში კარიერა ვერ აეწყო თავიდანვე, ის თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე და უნდა ითქვას, რომ კონკურენცია იყო უდიდესი. რონალდოსა და ვიერის გარდა, ინტერის განკარგულებაში იყვნენ რობერტო ბაჯო, ივან ზამორანო, ალვარო რეკობა და ნიკოლა ვენტოლა - მილანელთა ახალგაზრდა ფორვარდის იჯარით გაშვება გარდაუვალი იყო.

ლეგენდარულმა 21-ე ნომერმა განათხოვრების წესით ჩაატარა ძალიან კარგი სეზონი რეჯინაში, შემდეგ კი ასევე იჯარით ის მშობლიურ ბრეშიაში დაბრუნდა. ცნობისთვის, "ლურჯებმა" იმ დროს ასევე დაიმატეს ზემოთხსენებული ბაჯო, რომელსაც მარჩელო ლიპისთან კონფლიქტის შემდეგ, მილანური კლუბის დატოვება მოუწია.
ცნობისთვის, იტალიელი თავდამსხმელების გარდა, "აძურის" განკარგულებაში ასევე ხოსეპ გვარდიოლა და ლუკა ტონიც იქნებიან. დავუბრუნდეთ ახალგაზრდა ფორვარდს, რომელმაც რობის "ლომებში" გადმოსვლის შემდეგ, კონკურენციის ტვირთი კვლავ იგრძნო. დიახ, ლეგენდის ადგილი გუნდში იყო ხელშეუხებელი, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე არც პირლო მჯდარა.

ორ ფეხბურთელს შორის იდეალური ბალანსი იპოვა სტადიო მარიო რიგამონტიზე მომუშავე იმდროინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო მაცონემ, რომელმაც ანდრეა საყრდენ ზონაში ჩამოწია. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ახალგაზრდა მოთამაშის კარიერა ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა. ის გახდა ფლეიმეიქერი, რომელიც ბრეშიას შეტევებს სიღრმიდან არეგულირებდა.
ლეგენდარულ 21-ე ნომერს აღარასდროს უთამაშია თავდამსხმელის პოზიციაზე და მისი სან სიროზე დაბრუნებაც გამთამაშებლის ამპლუაში მოხდა. მოგვიანებით, პირლოს შესაძლებლობებს აბსოლუტში აიყვანს კარლო ანჩელოტი, რომელიც მისი და კლარენს ზეედორფის მონაწილეობით, ასევე ჯენარო გატუზოსა და რიკი კაკასთან ერთად, ფეხბურთის ისტორიაში შუახაზელთა ერთ-ერთ საუკეთესო კვარტეტს შექმნის.

ასე დაკარგა "ნერაძურიმ" ერთი ეპოქალური ნახევარმცველი, შემდეგ კი მეორეც. რაც შეეხება ნიდერლანდელს, ის არ ყოფილა კონკურენციის მსხვერპლი და მას არც პოზიციას ურჩევდნენ არასწორად. რეალის ექს-შუახაზელი შეეწირა "შავ-ლურჯების" თავკაცების ბანალურ რეფორმებს და ბოლოს ჩათვალეს, რომ პრობლემა იყო თავად მოთამაშეში და არა დამრიგებლებში.
ყველაფერი დაიწყო ლუიშ ფიგუს სკანდალური ტრანსფერით, რომლის ბარსელონადან გადმობირების შემდეგ, მადრიდელებისთვის აუცილებელი გახდა რომელიმე მოთამაშის სარფიანად გაყიდვა. პოტენციურ წამსვლელებს შორის ყველაზე ძვირად ფასობდა მილანის მომავალი მე-10 ნომერი, რომელმაც თავისი კარიერის მთავარ კლუბში გადასვლამდე, 2 სეზონი მორატისთან გაატარა.

ზეედორფის ტრანსფერის ინიციატორი იყო ლიპი, რომელიც ფორმაციაში მას ხედავდა რონალდოსა და ვიერის უკან, შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე. ნიდერლანდელი შუახაზელი მოიხიბლა იტალიელი ტაქტიკოსის იდეით და 24 მილიონის სანაცვლოდ ის სწორედ მეაცაზე გადავიდა. ამის შემდეგ, კლარენსის კარიერაში იწყება გაურკვევლობების მთელი სერია.
მარჩელო ინტერნაციონალეს ტოვებს "სამეფო კლუბის" ნახევარმცველის ტრანსფერიდან ნახევარ სეზონში, მის ნაცვლად კი მოდის მარკო ტარდელი, რომლის სამწვრთნელო კვალიფიკაცია არ შეესაბამებოდა ტოპ კლუბის დონეს. გასაკვირი არ იყო, რომ იტალიელმა თავკაცმა ვერ მოახერხა მილანური კლუბის ახალი მე-10 ნომრის საუკეთესო თვისებების წარმოჩენა.

"ნერაძურის" მწვრთნელის შეცდომები გაიმეორა მისმა შემცვლელმაც, ექტორ რაულ კუპერმაც, რომლის ხელში ზეედორფი ასევე ვერ ბრწყინავდა. დიახ, არგენტინელ სპეციალისტთან ერთად, "შავ-ლურჯები" მივიდნენ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/2 ფინალამდე და 1989 წლის შემდეგ მოგებული პირველი სკუდეტოც იყო პრაქტიკულად ერთ ნაბიჯში, მაგრამ გუნდი კვლავ უტიტულოდ დარჩა.
ჯუზეპე მეაცას ბინადრების სუსტ წერტილად ითვლებოდა დაცვის მარცხენა ფლანგი, სადაც რობერტო კარლოსის წასვლის შემდეგ, იმედებს ვერავინ ამართლებდა. მორატის შემჩნეული ჰყავდა "როსონერის" ახალგაზრდა განაპირა მცველი, ფრანჩესკო კოკო, რომელიც თავის მშობლიურ კლუბში კონკურენციას ვერ უძლებდა.

ინტერნაციონალეს იმდენად უნდოდა იტალიელი მარცხენა მცველი, რომ მის სანაცვლოდ "შავ-წითლებს" ნიდერლანდელი ნახევარმცველიც კი დაუთმო. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, "ეშმაკები" არ იყვნენ ამ ბარტერის წინააღმდეგები და 2002 წლის ზაფხულში კლუბებს შორის მორიგი გაცვლა განხორციელდა.
ბერლუსკონი-გალიანის დუეტმა თანაქალაქელებს სატრანსფერო ბაზრის ცოდნაში კიდევ ერთხელ აჯობა. მათმა გუნდმა მიიღო კიდევ ერთი მომავალი ლეგენდა, რომელიც მოგვიანებით გახდება ერთადერთი მოთამაშე, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს 3 სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგებს.

"ნერაძური" კი თავის შემადგენლობას შეავსებს კიდევ ერთი პრობლემური ფეხბურთელით, რომელიც 30-წლის ასაკში კარიერასაც დაასრულებს. პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კლარენსი "შავ-ლურჯებმა" რონალდოსთან კონფლიქტის გამო გაუშვეს. ეს ჭორი გაიფანტა მალევე, რადგან მეაცას ბინადრებმა იმავე ზაფხულს ბრაზილიელი ფორვარდიც გაყიდეს.
ამასთან ერთად, ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კითხვაზე, თუ ვინ იყო მისი საუკეთესო თანაგუნდელი, სწორედ ნაზარიოს დაასახელებს. ანჩელოტის გუნდის მე-10 ნომერი ინტერიდან წასვლაში კუპერს დაადანაშაულებს: "მან გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ მე და რონალდო კლუბიდან წავსულიყავით".












