მატჩის პირველი ტაიმის განმავლობაში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ლაციო უკეთესი იყო. „ლაციალე” სათამაშო უპირატესობას დიდი ხნის განმავლობაში ფლობდა, თუმცა ამას ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია. მოქმედმა ჩემპიონმა საქმეს ხელი სერიოზულად 41-ე წუთზე მოჰკიდა. მარჯვენა ფლანგიდან ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ პირველი ტაიმის ყველაზე სახიფათო მომენტი შეიქმნა - „ნერაძურიმ” გოლიც გაიტანა, არეულობით ლაციოს ყოფილმა მცველმა, შტეფან დე ვრაიმ ისარგებლა, თუმცა, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, დანიელე კიფიმ, გოლის ჩათვლა არ იჩქარა. ეპიზოდის განმეორებით ნახვისას მაყურებელი იფიქრებდა, რომ ლაუტარო მარტინესი სამუელ ჟიგოზე ჯარიმდებოდა და ანგარიშში ცვლილებაც გადაიდებოდა. საბოლოოდ, გაირკვა, რომ კონკრეტულ სათამაშო მონაკვეთში ჟიგო არა დაზარალებული, არამედ დამნაშავე იყო. საქმე ისაა, რომ კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ დენზელ დუმფრისის დარტყმა ფრანგმა მცველმა გაშლილი ხელით დაბლოკა. VAR-ის დახმარებით დანიშნული პენალტი რუტინული დარტყმით ჰაკან ჩალჰანოღლუმ შეასრულა და ანგარიში გახსნა. აქედან 4 წუთში ინტერმა მეორედაც გაიტანა. კვლავ მარჯვენა ფლანგიდან წარმოებულ შეტევას დუმფრისის ჩაწოდება მოჰყვა, ფედერიკო დი მარკომ ჰაერში ერთი შეხებით დაარტყა და ივან პროვედელის კარი ლამაზად აიღო.
მეორე ნახევარი ფორმალობად მალევე იქცა. 51-ე და 53-ე წუთებზე ნიკოლო ბარელასა და დენზელ დუმფრისის გოლებმა ლაციოს შეხვედრაში ინტრიგის დაბრუნების ყველა შანსი მოუსპო. შეცვლაზე შემოსულმა კარლოს აუგუსტომ 77-ე წუთზე ლაციოს მეხუთეც გაუტანა, საბოლოო ანგარიში კი მარკუს ტურამმა 90-ე წუთზე დააფიქსირა - 0:6.
ამ გამარჯვებით ინტერს 34 ქულა მოუგროვდა და გათამაშების ცხრილში მე-3 პოზიცია განიმტკიცა. აღსანიშნავია, რომ სიმონე ინძაგის გუნდს კონკურენტებთან შედარებით ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს გამართული. მომდევნო ჯერზე ინტერს საქმეში 20 დეკემბერს 00:00-ზე ვიხილავთ. „ნერაძური” ჯუზეპე მეაცაზე უდინეზეს უმასპინძლებს.









