ამასთან დაკავშირებით ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი Lagazzetta.ge-ს ესაუბრა.
მოლოდინები მოახლოვებული მატჩების წინ:
- 3 წელია ვილი სანიოლთან ერთად ეროვნულ ნაკრებში ვმუშაობ და აქ მუშაობის დაწყებიდან დღემდე, დაგეგმილი გვქონდა, რომ აქამდე მოვსულიყავით და ერთა ლიგის ნახევარფინალი გვეთამაშა. ჩვენც და ფეხბურთელებიც ყველანაირად მზად ვართ, რომ ლუქსემბურგთან გავიმარჯვოთ.
გიორგი არაბიძის შესაძლო გამოძახებაზე:
- მე და ვილი ტორპედოს თამაშს დავესწარით, მაგრამ მოედანზე, არაბიძის გარდა, სხვა კარგი ფეხბურთელებიც იყვნენ. რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელი იღებს. მოვლენებს წინ არ გავასწრებ და ყველაფერს მალე ვიხილავთ.
- როგორც წესი, ასეთი მნიშვნელოვანი მატჩების წინ, მწვრთნელი ნაკრებში ახალწვეულების გამოძახებას ერიდება და უპირატესობას ძველ ბირთვს ანიჭებს. როგორ იქნება საქართველოს ნაკრების შემთხვევაში?
- გეთანხმებით, როცა უკვე საფინალო მატჩებისკენ მიდიხარ, აქ დიდ როლს უფრო შეთამაშებული და გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელი იღებს.

სანიოლის ურთიერთობა ქართველ ფეხბურთელებთან:
- ვილის პიროვნული თვისებები გამორჩეული აქვს. მისი სიდინჯე და სიმშვიდე კარგად მოქმედებს როგორც გასახდელში, ისე სათადარიგოთა სკამზე. ფეხბურთელებიც აღნიშნავენ, რომ მისით კმაყოფილები არიან.
- დიდი ხანია, საქართველოში ისეთი ფონია შექმნილი, რომ ქართველ ფეხბურთელებს დისციპლინის ნაკლებობა აქვთ, როგორ უდგება სანიოლი ამ საკითხს?
- ყველას თავისი მენტალიტეტი აქვს. ბრიტანეთში 12 წელი ვითამაშე და მათ საერთოდ სხვანაირი მიდგომები აქვთ. მენტალობის შეცვლას თუ დაიწყებ, ძალიან შორს წაგიყვანს, ასე რომ, ყველაფერი კონკრეტული მოთამაშისადმი დამოკიდებულებაზეა, რაც ვფიქრობ, სანიოლს და ფეხბურთელებს იდეალურად აქვთ დალაგებული.
ხვიჩა კვარაცხელიაზე:
- კვარაცხელიამ ქართული ფეხბურთის განვითარებაში და ნაპოლის ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა, რაზეც წლები ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა, ლუქსემბურგთან კვარაცხელიას დანაკლისი დიდი იქნება, მაგრამ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ 2-3 კარგი მოთამაშით ჩავანაცვლოთ და მისი არყოფნა ნაკრებს არ შეეტყოს.

- როგორც ზემოთ საუბარში აღნიშნეთ, ნაკრებში ვილი სანიოლის მოსვლის დღიდან მუშაობთ. დაასახელეთ 3 კომპონენტი, რომელიც ჩვენს ნაკრებში მისი მოსვლის შემდეგ უკეთესობისკენ შეიცვალა.
- პირველი იქნება დამოკიდებულება. სანიოლის მოსვლის შემდეგ, ფეხბურთელების დამოკიდებულება და მიდგომა საქართველოს ნაკრების მიმართ შეიცვალა. მეორეა სამართლიანობა. ჩვენი მიზანია, ნაკრებში ყოველთვის იყვნენ ის ფეხბურთელები, ვინც ამას იმსახურებენ და მესამეა მოგების მენტალიტეტი. სწორი მუშაობით ფეხბურთელებს ჩავუნერგეთ მოგების მენტალიტეტი, რაც ჩემს თაობას არ ჰქონდა.
- რა არის მიზეზი, რის გამოც თქვენს თაობას მოგების ეს მენტალიტეტი არ ჰქონდა?
- როდესაც ერთ გოლს ვუშვებდით, გვეგონა, რომ მოგების შანსი აღარ იყო, ან როცა ევროპულ გრანდს ვეთამაშებოდით, თავიდანვე გვეგონა, რომ წავაგებდით. მიხარია, რომ ახალგაზრდა თაობა ასე არ ფიქრობს და უფრო მაქსიმალისტები არიან. ერთა ლიგამ ყველაფერი სხვანაირად დაგვანახა. ჩვენ დროს მხოლოდ ევროპის და მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ვთამაშობდით, სადაც დიდ ნაკრებებს ვხვდებოდით და მოგება რთული იყო.
- და მაინც, არის თუ არა საქართველოს ნაკრები მზად, რომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს?
- ვფიქრობ, უკვე მომწიფდა როგორც ნაკრები, ისე მთლიანად ქვეყანა, რომ დიდ ფორუმზე ვითამაშოთ.
მიმართვა გულშემატკივარს:
- ჩემი, ფეხბურთელების, გულშემატკივრებისა და ყველას ოცნებაა, რომ ევროპაზე გავიდეთ და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. მთავარი საფიქრალი ჯერ ლუქსემბურგია და შემდეგ ფინალი. თუ მაქსიმუმს გავაკეთებთ შედეგი მოვა. გულშემატკივარს არანაირი მესიჯი არ სჭირდება, რადგან ყველამ ვიცით, როგორი ქომაგობა შეგვიძლია. წარმოიდგინეთ, ყველა ბილეთი 10 საათში სრულად გაიყიდა - ეს უნიკალური შემთხვევაა.










