ჯონ მოსი ახლა ინგლისის სამსაჯო ორგანიზაციის წევრია და წლების განმავლობაში, მისი თაოსნობით რამდენიმე ცვლილებაც განხორციელდა. მისი ერთ-ერთი განხორციელებული პროექტია, დამხმარე პერსონალის რაოდენობის გაზრდა მსაჯობის სტანდარტის ასამაღლებლად. 54 წლის ყოფილმა არბიტრმა გაიხსენა იურგენ კლოპთან საუბარი, რა დროსაც ლივერპულის იმდროინდელმა მთავარმა მწვრთნელმა მოითხოვა მეტი ვიდეო ანალიტიკოსის დამატება მატჩების დროს, რათა მსაჯებს დახმარებოდნენ თამაშის მიმდინარეობისას ყველა მომენტის დეტალურად აღქმაში.
The Athletic-თან საუბრისას, ყოფილმა მსაჯმა 2022 წლის აგვისტოში, ლივერპული-ფულემის მატჩის დასრულების შემდეგ განხორციელებულ ზარზე დეტალურად ისაუბრა:
"მე ავიღე ტელეფონი და აღმოჩნდა, რომ იურგენ კლოპი მირეკავდა. მითხრა, რომ სურდა შაბათის მატჩზე საუბარი, კერძოდ, რობერტო ფირმინოს მომენტებზე. იურგენმა მითხრა, რომ მატჩის მთავარმა მსაჯმა რამდენჯერმე ხელი შეუშალა ფირმინოს, როცა ბურთის მიღებას აპირებდა. რაღაც მომენტებში, ენდი მადლი (მთავარი მსაჯი) კონკრეტულ ადგილას არც კი იყო, მაგრამ უცებ მოჩვენებასავით ჩნდებოდა, რაც ფეხბურთელებს აბნევდა და ხშირად პასსაც კი ჭრიდა."
ეს იყო ჩემთვის "Game-changer" მომენტი. იმ ღამესვე მატჩის ყველა ასეთი მომენტი, მთავარ მსაჯს გავუგზავნეთ. ეს კადრები გავუგზავნეთ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც აკვირდებიან მსაჯებს ყოველი შეხვედრის მიმდინარეობისას. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ უფრო მეტი ანალიტიკოსი გვჭირდებოდა, რომლებიც მსაჯებს უფრო მეტ დახმარებას გაუწევდნენ მოედანზე გადაადგილების დროს და თუ რომელიმე მომენტს ვერ დაინახავდნენ ან შორს იქნებოდნენ, მათ სწორედ ანალიტიკოსები დაეხმარებოდნენ მომენტის აღქმაში."









