რამდენიმე კვირის წინ, LaGazzetta.ge-მ მოგახსენათ, რომ ტურინელები ემპოლისა და საქართველოს ნაკრების მცველს, საბა გოგლიჩიძეს აკვირდებიან და მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არიან.
იტალიური პრესა ცოტა ხნის წინ ხვიჩა კვარაცხელიას იუვენტუსში გადასვლაზეც წერდა, თუმცა ჩვენივე ინფორმაციით, დაინტერესიბის მიუხედავად, კვარას მხრიდან ამ ტრანსფერის შანსი 1%-იც არ არის.
ბოლო დღეებში კი ბებერ ქალბატონს გიორგი მიქაუტაძეც დაუკავშირეს. იტალიური გამოცემები ამ ტრანსფერზე დღესაც აქტიურად წერენ.

რატომ ინტერესდება იუვენტუსი ამდენი ქართველი ფეხბურთელით? - ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ გუნდის სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლია, რომელიც ქართველებზე დაკვირვებას უკვე რამდენიმე წელია აწარმოებს.
ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში სწორედ ჯუნტოლის მუშაობის დროს მივიდა და იტალიელმა დირექტორმა მაშინვე თქვა, რომ კვარაცხელიას თამაშით იმდენად გაოცდა, მომავალში ქართველებს კიდევ დავაკვირდებითო.
"კვარას დიდი ხანი ვაკვირედებოდით და ვიპოვეთ მომენტი, როცა მისი გადმობირება შევძელით. ვიცოდით, რომ გამორჩეული ტალანტი იყო, თუმცა რასაც ახლა ის აკეთებს, წარმოუდგენელია", - განაცხადა ჯუნტოლიმ 2 წლის წინ.

რამდენიმე თვის წინ, წალენჯიხაში იუვენტუსის აკადემია გაიხსნა. ესეც იმის დასტურია, რომ ტურინელების მიზანი ქართველი ტალანტების აღმოჩენაა.
აქედან ყველაზე რეალური საბა გოგლიჩიძის იუვენტუსში ტრანსფერია. თუ ახალგაზრდა მცველმა თამაში ასეთ დონეზე გააგრძელა, ტურინიული გრანდი მის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის.
საინტერესოა, ამ ყველაფრის ფონზე ვიხილავთ თუ არა რომელიმე ქართველს უახლოეს მომავალში იუვენტუსში, თუმცა ის ფაქტი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანია.










