ზირკზე ადგილობრივი სპარტაანის აღზრდილია, საიდანაც მალე ფეინოორდის აკადემიაში მოხვდა. შემდეგ იყო ტრანსფერი ბაიერნში, თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჯოშუამ ეს გრანსფერი ვერ გაამართლა. ბოლონიამდე ფეხბურთელმა იტალიაში თამაში მოასწრო, კერძოდ პარმაში, 6-თვიანი იჯარით, სადაც ასევე ვერ მოახერხა ბოლომდე გახსნა. შემდეგ იყო იჯარა ბელგიურ ანდერლეხტში, სადაც ჯოშუამ კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა: 18 გოლი და 13 საგოლე გადაცემა.
ბელგიაში გატარებული კარგი სეზონის შემდეგ, ბევრი ვარაუდობდა, რომ ზირკზე ბაიერნში დაბრუნდებოდა და გუნდს აღარ დატოვებდა, თუმცა მიუნხენურ გრანდში სულ სხვა გეგმები ჰქონდათ - 2022 წლის ზაფხულში, ზირკზემ ბაიერნი კიდევ ერთხელ დატოვა და ბოლონიაში გადაბარგდა. პირველი სეზონი ფეხბურთელისთვის არც ისე მარტივი გამოდგა, 21 შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა). ტიაგო მოტა ზირკზეს თავიდანვე ბევრს აქებდა, თუმცა ფაქტია "როსობლუში" გატარებული პირველი სეზონი ფეხბურთელისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა.

რაც შეეხება 2023/24 სეზონს, აქ ჩვენ სრულიად განსხვავებული ბოლონია და ზირკზე ვიხილეთ. გუნდმა საოცრად მოუმატა და ეს თითოეულ ფეხბურთელზეც აისახა. 29 ტურის შემდეგ, ტიაგო მოტას გუნდი ჩემპიონთა ლიგისთვის დიდ ბრძოლაშია ჩართული და ამ მონაცემებით, საკმაოდ დიდი შანსი აქვთ, რომ მომდევნო სეზონში უეფას მთავარ ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვონ. გუნდის პროგრესს მოჰყვა ზირკზეს საბოლოო გახნსაც. ტიაგო მოტამ ნიდერლანდელ შემტევს სრული ნდობა გამოუცხადა და გუნდის თამაში მთლიანად მასზე ააგო.
რა მოხდება ზაფხულში? ზირკზეს დამატება პირდაპირი მნიშვნელობით ნახევარ ევროპას სურს. საქმეში, რა თქმა უნდა, იტალიური გრანდებიც არიან: მილანი, ინტერი და იუვენტუსი ჯოშუათი სერიოზულად ინტერესდებიან. რაც შეეხება სხვა კლუბებს, არსენალის და მანჩესტერ იუნაიტედის ინტერესი უკვე დადასტურდა. მოსალოდნელია სხვების გააქტიურებაც, რადგან ბაზარზე ბევრი კარგი ცხრიანი ნამდვილად არ მოიძებნება.
ბაიერნი - იმის მიუხედავად, რომ 2022 წელს ფეხბურთელმა გერმანია დატოვა, მიუნხენურ კლუბს ფეხბურთელზე უფლებები ბოლომდე არ დაუკარგავს. ნიდერლანდელის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც, ბაიერნს ზირკზეს უკან დაბრუნება სულ რაღაც €20 მილიონად შეუძლია, რაც დღევანდელი ფასებით ასეთი დონის ფეხბურთელისთვის ძალიან ცოტაა. თუმცა ამის მიუხედავად, ამ მომენტისთვის, ბაიერნში ფეხბურთელის დაბრუნებას არ განიხილავენ.
სატრანსფერო ფასი - ბოლონია ფეხბურთელს მინიმუმ €40 მილიონად აფასებს, მაგრამ გუნდი თუ ჩემპიონთა ლიგაზე გავა, ეს თანხა აუცილებლად გაიზრდება. ზაფხულში დიდი აუქციონია მოსალოდნელი. ახლა ფავორიტ კლუბებზე საუბარი ცოტათი ადრეა, რადგან არავინ იცის სეზონის ბოლოს ბოლონიას უფროსობას რა გეგმები ექნება. ასევე მნიშვნელოვანია ტიაგო მოტას ფაქტორიც. იტალიელი სპეციალისტით მილანი და იუვენტუსი ინტერესდებიან, შესაბამისად, ზირკზეს მომავალი, გარკვეულწილად, მოტაზეც არის დამოკიდებული.









