ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერზე საუბრობს.
"კვარაცხელიას პსჟ-ში გაყიდვამ კონტესთან უთანხმოება გამოიწვია? - არანაირი უთანხმოება არ ყოფილა. ამ დროის განმავლობაში, ვცდილობდით კვარაცხელია ჩაგვენაცვლებინა, მას ვერავინ ჩაანაცვლებს, თუმცა ჩვენ ცდა არ დავაკელით. მიუხედავად ამისა, ვიცოდი, რომ საბოლოოდ, კონტეს ბრძოლისუნარიანობა ყველაფერზე წინ დადგებოდა, ფსონი ამაზე გავაკეთე და საბოლოოდ, ჩემპიონები გავხდით.
რატომ გავყიდე კვარაცხელია იანვარში? - იმიტომ, რომ მისი აგენტი ფიფას რეგულაციების მე-17 მუხლის ამოქმედებით დაიმუქრა. ამ ამბავს ახსნა სჭირდება. ქართველის პირველი, შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ, ჩვენ მაშინვე ვკონცენტრირდით კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და მისი ხელფასის გაზრდაზე. ვიცოდით, რომ თუ ასე არ მოხდებოდა, სხვა კლუბები კვარას უკეთეს პირობებს შესთავაზებდნენ და წავიდოდა.
მის აგენტს, მამუკა ჯუღელს, სხვა გეგმები ჰქონდა როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ფეხბურთელისთვის. მას სურდა, კვარასთვის ორნიშნა ხელფასის გარდა, სხვა კლუბიდან ძალიან მაღალი საკომისიო მიეღო. გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. მანა, კიაველი და მე დიუსელდორფში ჩავფრინდით საკითხის მოსაგვარებლად, მაგრამ მამუკა აგრძელებდა ყოყმანს და ამტკიცებდა, რომ გიუნტოლიმ მას ფული დაჰპირდა, რომელიც არ გადაუხდია.
პსჟ-მ კვარა-ოსიმენში ერთად 200 მილიონ ევროზე მეტი შემოგვთავაზა, მაგრამ კონტეს დავპირდი, რომ ხვიჩას შევინარჩუნებდი. ამის გაკეთება ფიზიკურად ვერ მოვახერხე.
რას გულისხმობს მე-17 მუხლი? ეს არის მუხლი, რომელიც ფეხბურთელს საშუალებას აძლევს, სამი წლის შემდეგ კონტრაქტი შეწყვიტოს ხელფასისა და ტრანსფერზე დახარჯული თანხის კომპენსაციის გადახდით. რადგან ციფრი დაბალია, კომპენსაცია უმნიშვნელო იქნებოდა მოთამაშის ღირებულებასთან შედარებით. რეალურად, ამ ზაფხულს მას თითქმის უფასოდ დავკარგავდით და იძულებულები გავხდით, ზამთარში გაგვეყიდა", - განაცხადა დე ლაურენტისმა.









