ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს მილანის ინტერი და პარის სენ-ჟერმენი დაუპირისპირდებიან. ყურადღების ცენტრში იქნება ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც "ნერაძურის" წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, თანაც 6-ჯერ. საინტერესოა, რომ ლომბარდიული კლუბი ქართველი ვინგერის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა.
პსჟ-ს გარემარბმა ნაპოლიში თამაშის დროს ჯუზეპე მეაცას ბინადრებთან იმარჯვა მხოლოდ ერთხელ, დამარცხდა სამჯერ და ორჯერ ფრე ითამაშა. აღსანიშნავია ისიც, რომ სიმონე ინძაგის გუნდი კალჩოში ის იშვიათი გამონაკლისია, რომლისთვისაც პარიზელთა მე-7 ნომერს არასდროს გაუტანია.
როგორც ვხედავთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში 24 წლის გარემარბს ექნება ინტერის კარის აღების მეშვიდე მცდელობა, ასევე ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგების მცდელობაც. ფინალი გაიმართება 31 მაისს, ჩვენი დროით 23:00 საათზე, მიუნხენში.









